სიდიდით მესამე მწარმოებელი? – Honda, Nissan-ი და Mitsubishi გაერთიანდნენ
პოტენციური „დედა კომპანია“ შესაძლოა Toyota-სა და VW Group-ის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი გახდეს.
Honda-მ და Nissan-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მომდევნო 6 თვეში ისინი გაერთიანებისა და ჰოლდინგური კომპანიის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებენ. Mitsubishi-იც, რომელიც Nissan-ის პარტნიორი კომპანიაა, ამ საუბრებში ასევე მოიაზრება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრენდები 2026 წელს გაერთიანდებიან. მთავარი, იგივე „დედა კომპანია“, Honda იქნება, რომელსაც ჰოლდინგში ყველაზე მეტი დირექტორი ეყოლება. შედეგად 50-მილიარდიან კომპანიას მივიღებთ, რომელიც თავისი სიდიდით, Toyota-სა და VW Group-ის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ავტომწარმოებელი იქნება.
გაერთიანების მიზეზად „გლობალური კონკურენციის შენარჩუნება და მომხმარებლების მოთხოვნებისთვის უფრო შესაფერისი პროდუქტის შექმნა“ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს წინ Nissan-ის პრობლემები და გამოწვევები უძღოდა. კომპანიამ 9000 სამსახური გააუქმა, წარმოების მოცულობა კი 20%-ით შეამცირა. მას შემდეგ კი, რაც Honda-თან გაერთიანებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მათი აქციების ღირებულება 20%-ზე მეტით გაიზარდა.
გაერთიანების შემდეგ Honda, Nissan-ი და Mitsubishi დამოუკიდებელი ბრენდები დარჩებიან. ისინი პლატფორმებსა და ძალოვან აგრეგატებს გაიზიარებენ. საერთო კონცეფციის შემუშავება კი ხარჯებსა და სირთულეებს შეამცირებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება Stellantis-ისა და VW Group-ის იაპონური ანალოგი იქნება.
როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.