ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

Cybertruck-ის აფეთქება | Tesla-ს კიდევ ერთი ფატალური შემთხვევა

ლას-ვეგასში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროს შესასვლელთან, Tesla Cybertruck-ის აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. შემთხვევას, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც მალევე სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, ამჟამად FBI, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოსთან ერთად იძიებს. 

ინციდენტის დროს Tesla-ს ელექტროპიკაპი Trump International Hotel-ის შესასვლელთან იყო დაპარკინგებული. ვიდეომასალაზე მარტივად აღსაქმელია აფეთქების მასშტაბი და ამავდროულად ჩანს ფეიერვერკიც, რომელიც ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენის შემდეგ წარმოიქმნა. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად, სამართალდამცველები შემთხვევას ტერორიზმის მუხლითაც იძიებდნენ. შესაძლო ტერორიზმსა და ავტომობილში ბომბის არსებობაზე საუბრობდნენ თვითმხილველებიც. შემთხვევის შედეგად დაიღუპა Tesla-ს მძღოლი. 

ელექტროპიკაპის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა ილონ მასკიც. Tesla-ს მილიარდერი დამფუძნებლის განცხადებით, კომპანია შემთხვევას უკვე იძიებს და ეტაპობრივად, დამატებით ინფორმაციასაც გამოაქვეყნებს. „მსგავსი არაფერი გვინახავს“, - ვკითხულობთ მასკის პოსტში.

განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპის შვილმაც, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი კომპანიის მთავარ პრიორიტეტად სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა რჩება.

უახლესი ცნობებით, Cybertruck-ში ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა ბენზინის ქილები და ფეიერვერკები აღმოაჩინა. გამომძიებლების ვარაუდით, ავტომობილში აღმოჩენილი ნივთები წევის კონტროლის სისტემასთან იყო დაკავშირებული, რომელიც თავის მხრივ, მძღოლის მიერ იმართებოდა. გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ აფეთქებული ელექტროპიკაპი ნაქირავები იყო.

ABC News-ის ცნობით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გამოძიებას Cybertruck-ის დისტანციურად განბლოკვით დაეხმარა - მას შემდეგ, რაც ავტომობილი აფეთქების დროს ავტომატურად დაილუქა. მასკმა გამომძიებლებს ვიდეოკადრებიც მიაწოდა, სადაც კოლორადოდან ლას-ვეგასამდე, დამუხტვის სადგურებზე, მძღოლის გადაადგილების მარშრუტია წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები