რეგულაციები
Aa
Aa

ნიუ-იორკში საცობის გადასახადი ამოქმედდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად, საცობის გადასახადი ამოქმედდა. საცობებისთვის გადასახადის სქემა ძალაში ნიუ-იორკში შევიდა. ავტომობილების მძღოლებს, დღიურად, საშუალოდ $9-ის გადახდა მოუწევთ, ტარიფები კი, სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული იქნება.

მეტროპოლიტენის სატრანზიტო ორგანოს ინფორმაციით, მოძრაობის ოთხასი ზოლი 1 400-ზე მეტი კამერით დაიფარა და 800-ზე მეტი საგზაო ნიშანი განთავსდა. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ახალი რეგულაციების წინააღმდეგ უკვე გამოვიდა, თუმცა საგზაო დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

საცობების ზონა მოიცავს „ცენტრალ პარკის“ სამხრეთით მდებარე ტერიტორიას და აერთიანებს ისეთ ცნობილ ადგილებს, როგორებიცაა Empire State Building-ი და Times Square-ი. სქემა, ნიუ-იორკში საგზაო გადატვირთულობის აღმოფხვრასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მილიარდობით დოლარის შეგროვებას ისახავს მიზნად.

საცობებზე გადასახადის დაწესების გეგმა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ წარადგინა. თუმცა, მგზავრთა და ბიზნესთა ნაწილის საჩივრების შემდეგ, საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდით გადავადდა. კრიტიკოსთა მტკიცებით, სქემა ბევრი ნიუ-იორკელისთვის არასასიამოვნო შედეგებს მოიტანს.

როგორ მუშაობს სქემა? - მძღოლთა უმეტესობას, პიკის საათებში, საცობების ზონაში შესასვლელად, დღეში საშუალოდ $9-ის გადახდა მოუწევს. სხვა დროებში, საფასური $2.25 იქნება. მანჰეტენზე გადასაადგილებლად, მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები და არასამგზავრო ავტობუსები დღეში $14.40-ს გადაიხდიან, დიდი ზომის სატვირთოები და ტურისტული ავტობუსები - $21.60-ს.

Assoiated Press-ის ინფორმაციით, სქემის ამოქმედებიდან მალევე, ყველაზე გადატვირთულ ზონებში ავტომობილით მოძრაობა შედარებით გამარტივებული იყო. საცობის გადასახადები მძღოლებს მათ E-Z საშვებზე გადაეგზავნებათ.

ამჟამად, სქემის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე დაბრუნებისთანავე, საცობებზე დაწესებულ გადასახადს გააუქმებს.

მსგავსი სიახლეები