2024 წელს გაყიდული Toyota Supra-ს ნახევარზე მეტი მექანიკური იყო
Toyota-მ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, GR Supra-ს მექანიკური ვერსია მომხმარებელს 2023 წელს შესთავაზა. და როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ შემოსავლიანიც გამოდგა. ჯერ კიდევ 2023 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში Supra-ს გაყიდული მოდელებიდან 43% მექანიკური იყო. 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა.
2024 წელს, აშშ-ში ჯამში სულ 2 615 ერთეული Supra გაიყიდა, საიდანაც 1 700 მექანიკური იყო. ეს არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ შარშან აშშ-ში Toyota დღეში 6 391 ერთეულ ავტომობილს ყიდდა. ამის მიუხედავადაც, ეს ზრდაა 2023 წელთან შედარებით, როდესაც კომპანიამ 2 652 Supra-დან 1 140 მექანიკური ვერსია გაყიდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Toyota-მ თავისი საბაზისო, მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე 4-ცილინდრიანი Supra-ს წარმოების შეწყვეტა 2024 წლის ბოლოსთვის დააანონსა. შედეგად, უკვე 2025 წელს, მექანიკური Supra-ს გაყიდვებში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილოთ.
მაგრამ, Supra-თან შედარებით, ბევრად უფრო პოპულარული GR86-ის მექანიკური ვერსია გამოდგა. Toyota-ს ინფორმაციით, ჯამში გაყიდული 11 426 ერთეული GR86-დან ნახევარზე მეტი, 53% (6 056 ეგზემპლარი) მექანიკური იყო. კარგი შედეგები ჰქონდა Tacoma-საც. მიუხედავად იმისა, რომ Tacoma-ს მექანიკურმა ვერსიამ საერთო გაყიდვების მხოლოდ 2% შეადგინა, ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ჯამში, გასულ წელს, სულ 192 813 ერთეული Tacoma გაიყიდა. ეს კი 3 856 ერთეულ მექანიკურ ვერსიას უდრის.
Toyota-მ გასულ წელს ევროპისა და იაპონიის ბაზრებზე "Final Edition" Supra-ს გაშვება დააანონსა. მოდელს უფრო მაღალი სიმძლავრე, უფრო ეფექტიანი დაკიდების სისტემა და 6-სიჩქარიანო მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება - როგორც ერთადერთი ხელმისაწვდომი ტრანსმისია.