მექანიკური გადაცემათა კოლოფი, პორშე 911, ბიემვი ემ2, ჰონდა სივიკი, პორშე კაიმანი, ბიემვი ემ3, სუბარუ, მაზდა მიატა, ფოლცვაგენ ჯეტა, ტოიოტა ჯიარ86, ბიემვი ზეტ4, ნისან ზეტი, ფორდ მუსტანგი, აკურა ინტეგრა, ჯიპ ვრანგლერი, ფორდ ბრონკო, ტოიოტა ჯიარ კოროლა, ბიემვი ემ4, ტოიოტა ჯიარ სუპრა, ლუტის ემირა, ნისან ვერსა, პორშე 718 ბოქსტერი
Aa
Aa

მექანიკური ავტომობილები, რომელთა შეძენასაც 2025 წელს კვლავ შეძლებთ

სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილები თანამედროვეობაში სულ უფრო მეტად მცირდება. შესაბამისად, წლების გასვლასთან ერთად, 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი სულ უფრო დიდი იშვიათობაც ხდება.

თუმცა ეპოქა ჯერ არ დასრულებულა. თქვენი საყვარელი ავტომობილების მექანიკური ვერსიების შეძენას 2025 წელსაც შეძლებთ. მართალია სია შედარებით მწირია, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა არჩევანის საშუალებას მაინც გიტოვებთ.

Acura Integra და Acura Integra Type S

მომდევნო წელს მომხმარებელს Acura Integra-სა და Acura Integra მექანიკური ვერსიების შეძენა კვლავ შეეძლება. საბაზისო მოდელს 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, რომელიც ძრავის სიძლიერეს მანქანის წინა ბორბლებზე ანაწილებს. მანქანა 2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება Type S-ს, მისი გამომუშავება 320 ცხენის ძალას აღწევს.


BMW M2, BMW M3, BMW M4

გერმანული ავტომწარმოებლის შემთხვევაში არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. M2-ის 2025 წლის მოდელში კომპანია 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და 3-ლიტრიან 6-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას გვთავაზობს, რომელიც 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს ამ მოდელის შეძენა 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც შეეძლება.

უკანა ამძრავი M3 Competition-ი 503 ცხენის ძალას, ხოლო უფრო ძლიერი M3 Competition xDrive 523 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. თუმცა ამ შემთხვევაში 8-სიჩქარიან ავტომატიკას უნდა დათანხმდეთ. მექანიკური ვერსიის შემთხვევაში კი, თქვენ შეგიძლიათ უკანა ამძრავი M3 შეიძინოთ - 473 ცხენის ძალის გამომუშავებით.

იგივე ეხება ახალ M4-ს. 2025 წლისთვის BMW უკანა ამძრავ M4-ს გთავაზობთ, რომელიც 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებით ძლიერია M4 Competition-ი და M4 Competition xDrive, რომელთა გამომუშავებაც 503 და 523 ცხენის ძალას აღწევს.

BMW Z4

BMW-იმ მომხმარებელს, 2024 წელს Z4-ის მექანიკური ვერსიაც შესთავაზა. 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის მქონე კაბრიოლეტი 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი და 382 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონ/მეტრია.

Ford Bronco

Ford Bronco იმ მცირე რაოდენობის SUV-ებს შორის ერთ-ერთია, რომელიც მექანიკურ ვერსიას კვლავ ინარჩუნებს. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ეს მოდელი 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2.7-ლიტრიანი V6 ძრავით კი, ავტომობილის გამომუშავება 330 ცხენის ძალას აღწევს, თუმცა ის უკვე ავტომატიკაა.

Ford Mustang

2025 წელს მსურველები Ford Mustang-ის მექანიკური ვერსიის შეძენასაც შეძლებენ. ეს საკულტო ავტომობილი 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით კვლავ ხელმისაწვდომია - GT-ის შემთხვევაში ის 480 ცხენის ძალას, ხოლო Dark Horse-ის მოდელები 500  ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ცნობისთვის, მექანიკური GT-ის ფასი აშშ-ის ბაზარზე $48 000-ია, ხოლო Dark Horse-ის ღირებულება $65 000-ს აჭარბებს.


Hennessey Venom F5

მექანიკური ვერსია შენარჩუნდა ძვირად ღირებულ ამერიკულ სუპერქარშიც. Hennessey Venom F5 მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე მექანიკაა, რომელიც 1 817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ფასიც შესაბამისია: ამერიკული კომპანია თავის ჰიპერქარს $2.65 მილიონად აფასებს.

Honda Civic Si, Honda Civic Type R

თავისი საკულტო მოდელების მექანიკურ ვერსიებს ინარჩუნებს Honda-ც. Civic Si-ის შემთხვევაში კომპანია 1.5-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ძრავას გვთავაზობს, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო Type R-ი კვლავ მხოლოდ 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით გვაქვს. ამ მოდელის 2-ლიტრიანი ძრავა 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.


Jeep Wrangler

საინტერესოა, რომ თავდაპირველად Jeep-ი ამ მოდელის ავტომატური ვერსიის წარმოებიდან სრულად ამოღებას და მხოლოდ მექანიკური ვარიანტების შენარჩუნებას განიხილავდა. თუმცა საბოლოოდ, კომპანიამ ორივე ვერსია წარმოებაში დატოვა. ორივე მათგანი სტანდარტული 3.6-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი.

Lotus Emira

Lotus-ის ხაზში, ერთადერთი მექანიკური ავტომობილი Emira-ს სპორტული მანქანაა. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელი სტანდარტული 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mazda3 და Mazda MX-5 Miata

გინდა დაიჯერეთ, გინდა არა. Mazda3-ის მექანიკურ ვერსიას 2025 წელს კვლავ შეიძენთ. და რა თქმა უნდა, ავტომწარმოებელი Mx-5 Miata-საც შეინარჩუნებს. ეს უკანასკნელი მიმდინარე წელსაც თქვენთვის საყვარელ 2-ლიტრიან 4-ცილინდრიან ძრავას შეინარჩუნებს, რომელიც 181 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 


Nissan Versa და Nissan Z

Nissan Z-ს მექანიკური ვერსია ნამდვილად სჭირდება. კარგი ამბავია, რომ ავტომწარმოებელი მას 2025 წელსაც შეინარჩუნებს. Sport-სა და Performance-ის შემთხვევაში, ავტომობილის ტვინტურბო 3-ლიტრიანი V6 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო Versa, თავის 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს საბაზისო S-მოდელზე შემოგვთავაზებს. 


Porsche 718 Boxster / Cayman 

Porsche 718 Boxster-ისა და Cayman-ის სპორტქარებს დიდი დრო აღარ უწერიათ. ავტომწარმოებელი უახლოეს პერიოდში მათი ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს. თუმცა წელს, Porsche ამ მოდელების მექანიკური ვერსიებით დატკბობის სიამოვნებას არ მოგაკლებთ.

Porsche 911

911 და მექანიკური ვერსიის გარეშე? თითქმის წარმოუდგენელია. Carrera T 6-ცილინდრიანი ტვინტურბოს საშუალებით, 388 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო უახლეს GT3-ს 4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა ექნება, 502 ცხენის ძალის სიმძლავრით. 

Subaru BRZ და Subaru WRX

არც Subaru-ს გულშემატკივრებს აქვთ სანერვიულოდ საქმე. ხელმისაწვდომი სპორტული მოდელების შეძენა 2025 წელსაც შესაძლებელი იქნება. თქვენ წინაშეა Subaru BRZ-ი, რომელიც 2.4-ლიტრიანი „ბოქსერის“ ძრავით 228 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და WRX-ი, 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითა და 271 ცხენის ძალით. 


Toyota GR86, Toyota GR Corolla, Toyota GR Supra. 

მძღოლთა საყვარელ ავტომობილებს მექანიკურ ვერსიებს Toyota-ც შესთავაზებს. GR86-ის 6-სიჩქარიანი მექანიკა 2.4-ლიტრიან 4-ცილინდრთან დაწყვილდება და 228 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Corolla-ს შემთხვევაში, 1.6-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას აღწევს. Toyota GR Supra-ს 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა კი, 382 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

Volkswagen Jetta GLI

GTI-ისა და Golf R-ის მექანიკური ვერსიები 2025 წლისთვის ოფიციალურად მკვდარია. თუმცა Jetta GLI-ის შემთხვევაში თანამედროვე ფეისლიფტს მივიღებთ. 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა კი, 228 ცხენის ძალის სიმძლავრეს გვპირდება. 


Hyundai Elantra N

ეს მოდელი, N-ის ხაზში, Hyundai-ის უკანასკნელი ბენზინზე მომუშავე ავტომობილია. მოდელი წელსაც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება შემოთავაზებული, რომელიც 2-ლიტრიან, 4-ცილინდრიან ძრავასთან დაწყვილდება და 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

მსგავსი სიახლეები