მატარებელმა BMW გაანახევრა | მძღოლმა გაქცევა მოახერხა
ბულგარეთში ჩქაროსნული მატარებელი BMW X5-ს დაეჯახა და ავტომობილი, ფაქტობრივად, შუაზე „გადაჭრა“. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ შემთხვევას მძღოლი უვნებლად გადაურჩა, თუმცა ფაქტია, რომ მან ჯიპიდან გადმოსვლა და ავარიის ადგილიდან მიმალვაც კი მოახერხა.
შემთხვევა ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა CCTV-მა კამერებმა დააფიქსირა. ინციდენტამდე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი ავტომობილი სარკინიგზო ლიანდაგთან გაჩერებულია და მატარებლის გავლას ელოდება, რომლის მოახლოებასაც მას წითელი ნათება ამცნობს. ამის მიუხედავად, მოულოდნელად სარკინიგზო გასასვლელს თეთრი X5 მაღალი სიჩქარით უახლოვდება და შემაჩერებელ ღერძს კვეთს. შეჯახების მომენტში კადრი წყდება, შედეგი კი, სოციალურ ქსელში უკვე ფოტო-მასალის საშუალებით ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტომობილი თითქმის შუაზეა გადაჭრილი. მანქანის წინა ნაწილი მატარებლის ლიანდაგზეა, ხოლო უკანა ნაწილი პლატფორმის ცენტრშია დარჩენილი. როგორც ჩანს, შეჯახების შედეგად, X5-ის ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა, კორპუსის უმეტესი ნაწილიც განადგურდა.
SUV-ის 23 წლის მძღოლი შემთხვევას სასწაულებრივად, სერიოზული დაზიანებების გარეშე გადაურჩა. დიდი ალბათობით, მძღოლზე ნაკლებად გაუმართლებდათ ავტომობილის უკანა სავარძლის მგზავრებს, რადგან ეს ნაწილი შეჯახების შედეგად თითქმის მთლიანად დაუცველი დარჩა.
გასულ წლებში, ბულგარეთში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა, რომლებიც ფატალური შედეგებით დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლება ლიანდაგის უკანონოდ გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად შემაკავებელი ღერძის გაფართოებას განიხილავს ისე, რომ გასასვლელი სიგრძე სრულად დაიფაროს.