2025 წლის Porsche 911 Carrera S-ი 473 ცხენის ძალით ბრუნდება
2025 წელი სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და ახალი 911-ის შესახებ ცნობები უკვე გაქვს. 2024 წლის მაისში, 992.2-ის წარდგენის შემდეგ, წელს უკვე 911-ის ხაზში Carrera S-ი ბრუნდება. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, 911 Carrera S-ი სტანდარტული Carrera-სთან შედარებით უფრო მძლავრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იმავე, 3-ლიტრიანი, ორტურბინიანი 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.
მიუხედავად დიდი დაბრუნებისა, ავტომოყვარულები ალბათ მაინც განაწყენებულნი დარჩებიან იმ ფაქტით, რომ Porsche, აშშ-ში, მხოლოდ 8-სიჩქარიანი PDK ტრანსმისიით გამოჩნდება. ეს საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ 992-ის მოდელში 7-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფსაც გვთავაზობდა.
განახლებული ტურბოჩარჯერები, ჰაერის გაგრილების სისტემა - იმ გაუმჯობესებებს შორისაა, რომლებიც ახალი 991-ის ძრავის სიმძლავრის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შედეგად ვიღებთ 30 ცხენის ძალით მეტ, 473 ცხენის ძალის გამომუშავებას და მაბრუნ მომენტს, რომელიც 530 ნიუტონ მეტრს აღწევს. ავტომობილი 0-დან 100-მდე 3.1 წამში სწრაფდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ-ია.
2025 წლის Carrera S-ს სპორტული გამონაბოლქვი სისტემა და წინა თაობის GTS-ისგან მიღებული მუხრუჭები აქვს. ამ ყველაფერთან ერთად, ავტომობილის ახალ მფლობელებს Matrix LED ფარები, ოპტიმიზებული ჰიდრავლიკური დემპერები და Porsche Torque Vectoring Plus-იც დახვდებათ.
წარმადობის გასაუმჯობესებლად Porsche მომხმარებლებს დამატებით განახლებებსაც სთავაზობს - მათ შორის Porsche Ceramic Composite Brakes-ისა (PCCB) და PASM Sport Suspension-ის სახით. უკანა ღერძის მართვის სისტემა კი დაბალ სიჩქარეზე მანევრირებას, ხოლო მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობის შენარჩუნებას აუმჯობესებს.
2025 წლის Carrera S-ის შიგნით კი, მომხმარებელს მდიდრული ინტერიერი და ტყავის სავარძლები დახვდებათ. კაბრიოლეტის სტილის მოდელებს უკანა სავარძლებიც ექნებათ, კუპეს მფლობელებს კი, უკანა სავარძლების ამოღებით, მანქანის წონის შემცირება შეუძლიათ.
აშშ-ში 2025 წლის 911-ების მიწოდება 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება. კუპეს ფასი $146 400-დან, ხოლო კაბრიოლეტის ფასი $159 600-დან დაიწყება.