Toyota-ს, Ford-სა და Mazda-ს Tesla-სთვის $1 მილიარდის გადახდა სურთ?
მაღალი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს ევროკავშირის გამონაბოლქვის Tesla-სთან გაერთიანება სურთ. მიმდინარე წელს, კომპანიებისთვის, თითო კილომეტრზე ავტომობილების ფლოტის საერთო გამონაბოლქვი 106.6 გრამ CO2-დან 93.6 გრამამდე უნდა შემცირდეს. ამავდროულად კი, ცალკეულ ავტომწარმოებლებს კონკრეტული სამიზნეებიც აქვთ, რომელთაც უნდა მიაღწიონ.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, Toyota, Ford, Mazda, Stellantis, Subaru და Leapmotor-ი Tesla-თან „სუპერქსელის“ შექმნას გეგმავენ. ეს ბრენდები ავტომობილების მთლიანი ბაზრის 33%-ს და ევროპის მთლიანი ელექტრომობილების ბაზრის 30%-ს შეადგენენ.
„2024 წლის გაყიდვების გათვალისწინებით, გამონაბოლქვის გამოყოფის მაჩვენებელი, რომელიც Tesla-ს აქვს, მნიშვნელოვნად ამცირებს იმავე მონაცემს ჯგუფში შემავალი სხვა ავტომწარმოებლებისთვის. შედეგად, ამერიკულ კომპანიასთან გამონაბოლქვის გაერთიანება, კომპანიებს ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების შესრულებაში დაეხმარება“.
თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მხოლოდ Tesla-სთან გაერთიანება შესაძლოა ავტომწარმოებლებისთვის ჯარიმების თავიდან აცილების გარანტია არ იყოს. მათივე შეხსენებით, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა 2024 წელს იმაზე ნაკლები ავტომობილი გაყიდა, ვიდრე 2024-ში და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ შედეგები კარგად არავისზე აისახება. მაგალითისთვის, მარტო Toyota სამჯერ მეტს ავტომობილს ყიდის ვიდრე Tesla.
თუმცა ეს არც პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ავტომწარმოებლები გამონაბოლქვის მაჩვენებლის შემცირების მიზნით ქსელს შექმნიან. იმავეს აპირებს Mercedes-Benz-ი, რომელსაც გამონაბოლქვის რეგულაციებისთვის შესაძლოა ჯარიმების სახით 1 მილიარდი ევროს გადახდა მოუწიოს. გერამანული ავტომწარმოებელი გამონაბოლქვის ალიანსის შექმნას Volvo-თან და Polestar-თან განიხილავს. ოთხი კომპანია ელექტრომობილების ბაზრის 20%-ს იკავებს.
მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილეს ავტომწარმოებელს გაერთიანება 2025 წლისთვის ჯერ არ გამოუცხადებიათ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ამჟამად აღემატება ამ წლის დადგენილ მიზნებს. მათ შორისაა Honda, VW, Kia, BMW, SAIC, Hyundai, Suzuki და Renault Nissan Mitsubishi.
გაერთიანება არსებითად ასე მუშაობს: ავტომწარმოებლები ყიდულობენ ემისიების კრედიტებს სხვა ბრენდებისგან, რათა შეამცირონ მათი ფლოტის საშუალო მაჩვენებელი. Reuters-ის თანახმად, Tesla-ს 72 მილიარდი დოლარის შემოსავლის თითქმის 3% 2024 წლის ნახშირბადის კრედიტების გაყიდვაზე მოდიოდა.