ავარია, პრიუსი, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი
Aa
Aa

Prius-მა მატარებელს გადაასწრო და სიკვდილს გადაურჩა

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში შუაზე გადაჭრილი BMW-ის ფოტოები გავრცელდა. BMW-ის მძღოლმა, ამ შემთხვევაშიც, რკინიგზის გადასასვლელთან გამაფრთხილებელ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და ლიანდაგის გადაკვეთა სცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ინტერნეტში მსგავსი კადრები ვრცელდება, თუმცა ამჯერად, ისტორიის მთავარი გმირი Toyota Prius-ია. საბედნიეროდ, ორივე შემთხვევის მონაწილე ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა.

შემთხვევა მაიამიში დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. ადგილობრივ კამერებში ჩანს შავი ფერის Prius-ი, რომელიც დაშვებული ბარიერებისა და წითელი გამაფრთხილებელი შუქის მიუხედავად, ლიანდაგის გადასასვლელს უახლოვდება. მაღალი სიჩქარით მოძრავი Prius-ი, მომლოდინე ავტომობილების რიგს სცდება და ბარიერს ჰკვეთს, რის შემდეგაც ავტომობილის უკანა ნაწილს მომავალი მატარებელი ეჯახება.

გამოცემა 7 News Miami-ის ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილის ნამსხვრევებიდან თავის დაღწევა თავადვე შეძლო. ადგილზე რამდენიმე წუთში გამოჩნდა საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ბოლო ცნობებით, Prius-ის მძღოლი ადგილობრივ ტრავმატოლოგიურ ცენტრშია გადაყვანილი.

გაურკვეველია, მძღოლმა განზრახ გადაწყვიტა რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთა, თუ უბრალოდ ვერ აღიქვა მის გარშემო არსებული სიტუაცია. ფაქტია, დაუფიქრებელი ქმედებით მან საფრთხეში არამარტო საკუთარი, არამედ სხვების სიცოცხლეც ჩააგდო. ავარიის შემდეგ, Brightline-ის ოპერატორმა მძღოლებს სარკინიგზო ლიანდაგებთან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა:

„თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, არასდროს ეცადოთ გადაკვეთოთ სარკინიგზო ბარიერები. ამ ადგილებში, უსაფრთხოების ზომები თითოეული ჩვენგანის დასაცავად მოქმედებს. მათმა უგულებელყოფა კი, შესაძლოა სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. იყავით ფრთხილად, დაიცავით კანონი და თქვენი და სხვების უსაფრთხოება“.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთშიც მოხდა. მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ბულგარეთის მთავრობა შემაკავებელი ღერძის გაფართოებას განიხილავს ისე, რომ გასასვლელი სიგრძე სრულად დაიფაროს.  

მსგავსი სიახლეები