უნიკალური Lotec C1000 მერსედესისგან
90-იანების პერიოდი ავტომოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო, ამ პერიოდში ხომ უამრავი „ჰიპერქარი“ შეიქმნა. მათი უმეტესობა ვიცით, მაგრამ იყო ისეთიც, რომელიც ან ბევრმა არ იცის, ან უბრალოდ დაავიწყდათ. მას Lotec C1000 ერქვა, ზოგი კი Mercedes Benz C1000-ის სახელითაც იცნობდა.
მისი დაბადების ისტორია ბანალურია - ასე ხდება, როდესაც საქმეში ნავთობის შეიხი ერთვება. უცნობმა შეიხმა 1990 წელს მერსედესს ისეთი მანქანის შექმნა მოსთხოვა, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა და ამავდროულად ყველაზე სწრაფი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო, მერსედესმა გამოწვევა მიიღო და საქმეს შეუდგა.
Lotec C1000-ის პროექტის დასრულებას 4-5 წელი დასჭირდა, საბოლოოდ ძალიან სწრაფი და ფუტურისტული მანქანა გამოვიდა. ინჟინრებმა მასში მერსედესის 8-ცილინდრიანი ტურბინიანი აგრეგატი მოათავსეს, რომლითაც „ლე მანის“ რბოლის გმირი Sauber C9 სარგებლობდა. ავტომობილი 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და მისი წონა სულ რაღაც 1080 კილოგრამს შეადგენდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ! 1 ტონაზე 900-ზე მეტი ცხენის ძალა, ნამდვილი სიგიჟე გამოვიდა. ავტომობილი 100-მე 3.2 წამში ჩქარდებოდა, ხოლო 200-ის ნიშნულს 8 წამში აღწევდა. ინჟინრები ირწმუნებოდნენ, რომ C1000-ის მაქსიმალური სიჩქარე 430 კმ/სთ-ს აჭარბებდა, თუმცა ამის გადამოწმება ვერავინ შეძლო, რადგან შეიხმა თავის ავტოფარეხში წაიყვანა.
ამ ავტომობილის შესახებ ბოლო ინფორმაცია 2006 წელს ფიქსირდება, როდესაც Barret-Jackson-ის აუქციონზე 247 500 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ავტომობილის გარბენი სულ რაღაც 2600 კმ-ს შეადგენდა, მას შემდეგ Lotec C1000 აღარავის უნახავს.