10 ავტომობილი, რომელთა წარმოებაც 2024 წელს დასრულდა
გასულ წელს, რამდენიმე საკულტო ავტომობილის წარმოების დასასრული ვიხილეთ. მართალია, ამ მოდელების ძველი ვერსიები ბაზარზე ალბათ წლების განმავლობაში კიდევ დარჩება, თუმცა მათი წარმოების ხაზი ოფიციალურად მკვდარია და შესაბამისად, ამ ავტომობილების შემდეგ თაობებსაც ვეღარ ვიხილავთ. სტატიაში იმ 10 ავტომობილს წარმოგიდგენთ, რომელთა წარმოებაც 2024 წელს ოფიციალურად შეწყდა:
Audi R8
რეიტინგს ბევრი ავტოენთუზიასტისთვის ერთ-ერთი საყვარელი მოდელიდან ვიწყებთ. 18 წლისა და ორი თაობის განმავლობაში, გერმანულმა ავტომწარმოებელმა R8-ის 44 000-ზე მეტი ეგზემპლარი შექმნა. წარმოების ხაზიდან უკანასკნელი კი ბაზარზე მარტში გაეშვა. ალბათ ბევრს ამ ფაქტზე გული დაწყდებოდა მაგრამ ფაქტია, რომ Audi-ს ეს გადაწყვეტილება დიდწილად გაყიდვების შემცირებას უკავშირდებოდა.
Bugatti Chiron
Bugatti Chiron-ზე ბევრი საუბარი საჭირო არაა. ეს ავტომობილი ერთდროულად ავტომობილებში სოლიდური გემოვნებისა და სიმდიდრის სიმბოლოა. მაგრამ, Veyron-ისთვის კონკურენციის გაწევა მარტივი საქმე მაინც არ აღმოჩნდა. და ამაში, Chiron-ს არც ის ფაქტი დაეხმარა, რომ მისი „სუპერ სპორტის“ ვერსია მსოფლიოში სერიული წარმოების პირველი ავტომობილი გახდა, რომელმაც 480 კმ/სთ-იანი ბარიერი გაარღვია.
Fisker Ocean
Cali-ის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. Ocean-ი კი, ის მანქანა უნდა ყოფილიყო, რომელიც Fisker-ს გაკოტრებისგან იხსნიდა. თუმცა, ასე არ მოხდა და SUV-ის წარმოებაც გასული წლის ზაფხულში შეწყდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მაღალი კონკურენცია გახდა.
Ferrari 812 GTS
2022 წელს, 812 Superfast-ის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, 2024 წელს უკვე Ferrari 812 GTS-ის ჯერი დადგა. ამის შესახებ განცხადება ზაფხულში, ორკარიანი GT-ის გაშვებამდე გაკეთდა. ბევრის მოლოდინით, სწორედ ეს უკანასკნელი იქნება ყველაზე სრულყოფილი Ferrari, რომელიც ოდესმე წარმოებულა.
Ferrari Roma Coupe
ავტომოყვარულებს ნაკლები სანერვიულო აქვთ, რადგან Spider-ი წარმოებაში კვლავ დარჩება. თუმცა Ferrari-ის თანამედროვე მოდელებს შორის, ობიექტურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი Roma-ს წარმოება კი, გასულ წელს ნამდვილად შეწყდა. მიზეზად ამ შემთხვევაშიც დაბალი მოთხოვნა დასახელდა.
Ferrari SF90
Ferrari-ს პირველი plug-in ჰიბრიდი ყოველთვის არაერთგვაროვან მოსაზრებებს იმსახურებდა და გამონაკლისი ამ მხრივ 986 ცხენის ძალის მქონე SF90 გამოდგა. ავტომობილმა XX ვერსიის წყალობით რეკორდებიც მოხსნა და წლები, საკმაოდ მაღალი ხარისხის მქონე მოდელადაც რჩებოდა, თუმცა ფაქტია, მაინც ვერ მოახერხა ისეთი მნიშვნელობის გამხდარიყო ავტომოყვარულთათვის, როგორებიც Ferrari-ის სხვა მოდელები არიან.
Jaguar F-Type
Jaguar-მა წელს ჯამში ხუთი მოდელის საწარმოო ხაზი დაასრულა, მათ შორის იყვნენ: E-Pace, I-Pace, XE და XF. თუმცა ბევრს, დიდი ალბათობით, გული ყველაზე მეტად Jaguar F-Type-ზე დაწყდებოდა. Jaguar-ი ელექტრომობილების მიმართულებით განვითარებას განაგრძობს და როგორც ჩანს, მის ხაზში, F-Type-ის ადგილიც აღარ მოიძებნა.
Maserati Quattroporte
Quattroporte-ის მეოთხე და საბოლოო ვერსიაც აწ უკვე გასულ წელს ვიხილეთ. შესაბამისად, წარსულს ჩაბარდა მისი გამორჩეული V8-იც. და თუ კომპანიის წლევანდელ შემოსავლებსაც გავითვალისწინებთ, Maserati-ის მომავალიც საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება.
Suzuki Jimny
შედარებით ხელმისაწვდომი და საკმაოდ დახვეწილი SUV-ის წარმოებაც გასულ წელს შეწყდა. Suzuki-მ Jimny-ის, Ignis-ისა და Swift Sport-ის წარმოების დასრულების შესახებ მომხმარებლები ჯერ კიდევ ზაფხულში გააფრთხილა.
Toyota Supra
Toyota Supra-ს წარმოების შეწყვეტაზე ადრეც დავწერეთ. 21-წლიანი ლოდინის შემდეგ, ბაზარზე A80 Supra-ს მემკვიდრე, A90 გამოჩნდა. თუმცა ზოგის აზრით, ამ უკანასკნელზე BMW-ის დიდი გავლენა იგრძნობოდა. Toyota-მ მისი საკულტო მოდელის წარმოების დასრულება უკვე დააანონსა, თუმცა ამ მხრივ საინტერესოა ის, რომ კომპანია კონკრეტული თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.