ელექტრომობილი, შაკილ ო\'ნილი, ლუსიდ ეარი
Aa
Aa

შაკილ ონილი შეუჩერებელია, როდესაც ოთხ კარში ვერ ეტევა

2.16 მეტრ სიმაღლეს და 150 კილოგრამ წონას თავისი შეზღუდვები აქვს. მაგრამ თუ მულტიმილიონერი ხარ, ეს პრობლემები მნიშვნელოვნად მცირდება. და აღარც იმ ავტომობილების მართვა წარმოადგენს დიდ სირთულეს, რომლებშიც უბრალოდ შენი სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე ვერ "ეტევი".

NBA-ის სუპერვარსკვლავსა და Los Angeles Lakers-ის ლეგენდას, შაკილ ო'ნილის სასურველი ავტომობილის "მოსარგებად" მცირე ფანტაზიის გამოყენება დასჭირდა. კალათბურთელის ახალი ახირება ევროპისთვის შედარებით იშვიათი, თუმცა შეერთებული შტატებისთვის ნაცნობი ელექტროსედანი - Lucid Air-ია.

ეს არის ძვირად ღირებული ელექტრომობილი, რომლის სიგრძეც 4.97 მეტრია და წესით, საკმარისი უნდა იყოს ო'ნილისთვის. თუმცა არა ამ მოდელის 4-კარიანი ვერსია. ამიტომაც, კალათბურთელმა დახმარებისთვის West Coast Customs-ს მიმართა და ავტომობილის მცირედით გადაკეთება დაუკვეთა.

გამოსავალი Lucid Air-ის ორკარიან ავტომობილად გადაკეთება აღმოჩნდა. ცენტრალური საყრდენის უკან გადატანითა და უკანა ორი კარის ამოღებით, მთლიანი სივრცე შეიქმნა. კალათბურთელი არც ამას დასჯერდა და ავტომობილში მცირედი ცვლილებების შეტანით, მანქანა ბევრად უფრო პერსონალიზებულიც გახადა. რესტავრირებული ვერსიის ფოტოები კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მანქანის წინა მხარეს, Lucid-ის მაგივრად Diesel-ი იკითხება, რაც ლოგიკურად დიზელთან არაფერ შუაშია. Diesel-ი, რეალურად, Lakers-ის ცენტრის ერთ-ერთი პირველი მეტსახელია. მეტსახელი, რომლის სვირინგიც ო'ნილს მხარზე აქვს, დიზელის ძრავების სიმძლავრესა და თვისებებზეც მიუთითებს, რაც თავის მხრივ, NBA-ის კალათბურთელის მახასიათებლებსაც განსაზღვრავს.

ამის მიუხედავადაც, საკმაოდ ირონიულია, რომ ელექტრომობილზე პირველი რასაც ხედავთ სიტყვა Diesel-ია. თანაც იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრო Lucid Air-ის გამომუშავება სინამდვილეში დიზელის მოდელების შედეგებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები