უცნობმა პირმა მანქანების მილიონიანი კოლექცია McDonalds-ის დახმარებით გადაარჩინა
ლოს-ანჯელესი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ტყის ხანძარს ებრძვის. ხანძრის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ქალაქის ნაწილში ევაკუაციაა გამოცხადებული. ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც დამწვარი სახლები და ავტომობილები ჩანს. აქვეა, ბევრი მიტოვებული მანქანაც, რომლებიც მძღოლებმა პირდაპირ შუა ქუჩაშიც კი დატოვეს.
თუმცა იგივე არ ეხება ავტომობილების ამ უცნობ ენთუზიასტს, რომელმაც ავტომობილების კოლექციის გადასარჩენად ძალები არ დაიშურა. ამისთვის კი, მან სავაჭრო ცენტრის პარკინგი გამოიყენა. TikTok-ზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს ეგზოტიკური და კლასიკური ავტომობილები, რომლებიც სასურსათო მაღაზიებისა და McDonalds-ის გარეთაა დაპარკინგებული.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ავტომობილები ტერიტორიიდან უკვე გაყვანილია. თუმცა უცნობი რჩება ამ ძვირად ღირებული კოლექციის მფლობელის ვინაობა და შესაბამისად, არც ის ვიცით, ვინ დატოვა ავტომობილები სავაჭრო ცენტრის საპარკინგე სივრცეში, ხანძრისგან გადასარჩენად. ფაქტია, ლოს-ანჯელესში ძვირად ღირებული ავტომობილები არავის უკვირს, თუმცა ეს კოლექცია - რომელშიც ვინტაჟურ Mercedes-Benz 300 SL Gullwing-ს, Ferrari F430-სა და Mercedes 190SL-ის ვხედავთ - მართლაც თვალისმომჭრელია.
ავტოსადგომი ჭკვიანური ადგილი აღმოჩნდა მანქანების გადასარჩენად. ის შედარებით მოშორებითაა სხვა შენობებისგან, მიმდებარე ტერიტორიაზე კი კამერებია განთავსებული, რაც უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ ზომებზე მიუთითებს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო პარკირება ავტომობილებისთვის ბევრ საფრთხეს შეიცავს, დაწყებული მანქანების გატეხითა და მათი ნაწილების მოპარვით. თუმცა ამ შემთხვევაში, ქურდობისთვის როგორც ჩანს არავის ეცალა და ღია სივრცეც, ავტომობილების გადასარჩენად ხელსაყრელი ტეროტორია გამოდგა.