რა შედეგი გამოიღო ნიუ-იორკში საცობებზე გადასახადის დაწესებამ?
ნიუ-იორკი აშშ-ში პირველი ქალაქი გახდა, სადაც საცობის გადასახადი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ მძღოლებს, იმ ტერიტორიებზე, სადაც გადატვირთული მოძრაობებია, შესასვლელად საფასურის გადახდა უწევთ. ახალი რეგულაციები ძალაში ახლახან შევიდა, თუმცა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო.
სანამ, ოფიციალურ მონაცემებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ თუ როგორ მოქმედებს სქემა:მძღოლთა უმეტესობას, პიკის საათებში, საცობების ზონაში შესასვლელად, დღეში საშუალოდ $9-ის გადახდა მოუწევს. სხვა დროებში, საფასური $2.25 იქნება. მანჰეტენზე გადასაადგილებლად, მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები და არასამგზავრო ავტობუსები დღეში $14.40-ს გადაიხდიან, დიდი ზომის სატვირთოები და ტურისტული ავტობუსები - $21.60-ს. საცობის გადასახადები მძღოლებს მათ E-Z საშვებზე გადაეგზავნებათ.
congestion pricing is a policy miracle pic.twitter.com/dR7ME4iSeN
— sam (@sam_d_1995) January 14, 2025
როგორც უახლესი ანგარიშით ირკვევა, სატარიფო წესრიგის ამოქმედების შემდეგ, ნიუ-იორკის ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე ტრაფიკი 7.5%-ით შემცირდა. პირველ სამუშაო კვირაში, დილის საათებში, მანჰეტენის უმეტეს გადასასვლელებზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყო. ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ მძღოლთა ნაწილმა გადასაადგილებლად მარშრუტები შეცვალა.
მეტროპოლიტენის სატრანსპორტო ორგანოს წინასწარი მონაცემები, არის პირველი მიმოხილვა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ახალი გადასახადი მანჰეტენზე გადაადგილების მოდელებზე და მოძრაობაზე მანჰეტენში და მის გარეთ.
ტარიფის დაწესებამდე, დილის მოძრაობისას უილიამსბურგის ხიდზე - რომელსაც დღეში 92 000-მდე ავტომობილი იყენებს და ბრუკლინსა და მანჰეტენს აკავშირებ - საცობი ბრუკლინში, ხიდის მთავარ კოშკამდე გრძელდებოდა. გადასახადის ამოქმედების შემდეგ კი, გადატვირთული მოძრაობა მანჰეტენის მხარეს მდებარე ხიდის კოშკსაც კი არ აღწევდა.
საცობზე ტარიფების დაწესებას და ქუჩებში გადატვირთული მოძრაობების შემსუბუქებას გამოხმაურება უკვე მოყვა. მომხმარებლები სოციალურ ქსელში თავისუფალი ქუჩების ვიდეოებს ავრცელებენ, ასევე საცობების კლების მაჩვენებელს და გადასახადს, ნამდვილ სასწაულად მოიხსენიებენ.
Is congestion pricing working? Well, this stretch on Clinton Street in Brooklyn is usually filled with traffic in the morning rush. But not today. pic.twitter.com/I7yAAOI5hk
— Streetsblog New York (@StreetsblogNYC) January 13, 2025
ცნობისთვის, მოძრაობის შემსუბუქების გარდა, ტარიფების დაწესება გარემოსდაცვით საქმიანობებსაც ემსახურება. მათ შორის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და საჯარო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სახსრების შეგროვებას.
ამის მიუხედავად, ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო კამპანიისას ნიუ-იორკის მოსახლეობას გადასახადის გაუქმებას უკვე შეჰპირდა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, გადასახადის მომხრეები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტთან საერთო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.