AWD თუ 4WD: რა განსხვავებაა და რომელი უფრო შეგეფერებათ?
Aa
Aa

AWD თუ 4WD: რა განსხვავებაა და რომელი უფრო შეგეფერებათ?

ოთხივეწამყვანი მოდელები ყოველთვის პოპულარული იყო და დღესაც ასეა, მაგრამ რა განსხვავებაა AWD-სა და 4WD-ს შორის და რომელი შეგეფერებათ თქვენ?

ტერმინოლოგია ხანდახან დამაბნეველია. თანამედროვე სამყაროში ეს ორი სისტემა ერთმანეთს სულ უფრო ემსგავსება და მათ შორის ხაზის გავლება სულ უფრო რთული ხდება. ამას ისიც ემატება, რომ ავტომწარმოებლები ამ ტერმინების გამოყენებას არც თუ ისე ფრთხილად ეკიდებიან.

ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით, რა ფუნქციებს ასრულებს თითოეული მათგანი. ეს იმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, თუ რომელი ავტომობილი უფრო შეგეფერებათ, საოჯახო SUV-ი, საშუალო ზომის SUV-ი, თუ სატვირთო.

AWD 4WD- წინააღმდეგ

All-wheel drive, რომელიც Subaru Forester-ს აქვს, მშრალ ზედაპირზე უფრო ეკონომიურია და ზამთრის პირობებში უკეთესი წევა აქვს. Four-wheel-drive სისტემები, მაგალითად ისეთი, როგორიც Jeep Wrangler Rubicon-ს აქვს, უფრო ძლიერია და უსწორმასწორო ზედაპირს უკეთესად უმკლავდება.

რა არის All-Wheel Drive?

როგორც სახელიდანაც ჩანს, ძალა, როგორც წინა, ასევე უკანა თვლებს მიეწოდება. ეს მუდმივად ხდება.

არსებობს ორი ტიპის ტრანსმისია: ერთის შემთხვევაში ყველა თვალი მუდმივად ბრუნავს. მეორე ნაწილობრივი ან ავტომატური AWD სისტემაა, რომლის დროსაც ორი თვალია წამყვანი. დანარჩენ ორ თვალს კი ძალა იმ შემთხვევაში გადაეცემა, როცა მეტი წევის კონტროლია საჭირო.

როგორ მუშაობს All-Wheel Drive?

AWD სისტემა, როგორც მუდმივი, ისე ნაწილობრივი, ძირითადად მძღოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ, ზოგი ავტომწარმოებელი ძალის გადანაწილების კონტროლისთვის არჩევით რეჟიმებს გვთავაზობს. დიფერენციალების საშუალებით ყველა თვალი მაბრუნ მომენტს იღებს, დამატებითი ღილაკებისა და ბერკეტების საშუალებით ძალა ისე ნაწილდება, რომ მანქანის წევა საუკეთესო იყოს.  

მუდმივი AWD

მუდმივი AWD-ს შემთხვევაში, წინა და უკანა თვლებიც მუდმივად ტრიალებს. მშრალ ზედაპირზე უკეთ იმართება და საშუალებას იძლევა, რომ მთელი ძალა გზაზე იყოს ორიენტირებული. სველ ზედაპირზე კი მეტ წევას და უფრო თავდაჯერებულ მართვას განაპირობებს.

ნაწილობრივი AWD

ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნაწილობრივი AWD მხოლოდ წინა ორ ან უკანა ორ ბორბალს ამოძრავებს, დამოკიდებულია მანქანის მოდელზე. ავტომობილი დანარჩენ ორ ბორბალს გზის ცუდ ზედაპირზე დამატებითი წევისთვის ააქტიურებს. ელექტრო სენსორების დახმარებით, ინფორმაცია კომპიუტერს გადაეცემა და ძალის გადანაწილებას ის აკონტროლებს.

All-Wheel-Drive-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი ისაა, რომ მძღოლს გადაწყვეტილების მიღება თვითონ არ უწევს. ან ოთხივე თვალი წამყვანია, ან სისტემა თავად იღებს გადაწყვეტილებას, როდის აამუშაოს დანარჩენი ორიც. AWD ყველა სეგმენტში  ხელმისაწვდომია, კომპაქტური სედანებით დაწყებული, ნებისმიერი ზომის სუვებით დასრულებული. ასე, რომ ფართო არჩევანი გაქვთ.

AWD-ს მუშაობა გზის საფარის სხვადასხვა მდგომარეობაზე, ამინდის პირობებში შეუძლია, თუმცა, სერიოზულ ყველგანმავლებში ნაკლებად შეხვდებით. ეს ტენდენცია AWD-ს განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ ყველგანმავლების მოყვარულები ჯერ კიდევ 4WD-ს ამჯობინებენ. AWD ხშირად ავტომობილის ფასს ზრდის, თუმცა, საწვავის ეკონომიას ამცირებს.

რა არის Four-Wheel Drive?

ეს უფრო ტრადიციული სისტემაა და ოთხივეწამყვანზე საუბრისას პირველი ეს სისტემა გვახსენდება. ეს გასაკვირი არაა, რადგან იგი თითქმის მოტორიზებული ტრანსპორტირების დასაწყისიდან მოდის. 4WD-ს სტერეოტიპული სურათი სატვირთოა მაღალი კლირენსით, საბუქსირე სამაგრებით და დიდი საბურავებით. ეს სისტემა თავდაპირველად ძირითადად დიდი ზომის სატვირთოებსა და სუვებში გვხვდებოდა.

წლებთან ერთად, ის განვითარდა და უფრო ფართოდ გამოიყენება. მათ შორის მდიდრულ, კომფორტულ მოდელებშიც. 4WD სისტემა მაბრუნ მომენტს სარიგებელი კოლოფით, წინა, უკანა და ცენტრალური დიფერენციალის საშუალებით გზავნის. ეს ყველაფერი მანქანას მაქსიმალური წევის საშუალებას აძლევს. 

როგორ მუშაობს Four-Wheel Drive?

AWD სისტემის მსგავსად, 4WD შექმნილია იმისთვის, რომ მაბრუნი მომენტი ოთხივე თვალს გადასცეს და, როცა საჭიროა, წევა გააუმჯობესოს. თუმცა, 4WD სისტემები, როგორც წესი, უფრო ძლიერია და მეტად უსწორმასწორო ზედაპირს უმკლავდება. ისიც ორი ტიპისაა: მუდმივი და ნაწილობრივი.

ბევრ 4WD სისტემას აქვს მაღალი და დაბალი დიაპაზონი, რომლის არჩევაც მძღოლს, ან ელექტრო გადართვას შეუძლია. ასევე იატაკზე მოთავსებულ მექანიკურ ბერკეტს. დაბალ რეგულირებას მაქსიმალური წევის წარმოება შეუძლია, მაშინ, როცა მაღალი რეგულირება გზის სრიალა ზედაპირზეა გამოსადეგი.

მუდმივი 4WD 

4WD მუდმივი AWD სისტემის მსგავსად მოქმედებს. ძალას ოთხივე თვალი იღებს. ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში, მძღოლს სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებით, ძალის განაწილება შეუძლია.

ნაწილობრივი 4WD 

ეს სისტემა უფრო ტრადიციული ოთხივეწამყვანია და ძირითადად ისეთ სატვირთოებსა და SUV-იებში გამოიყენება, რომლებსაც უფრო რთულ პირობებთან უწევთ გამკლავება. ამ შემთხვევაში მანქანა ორ თვალს მიჰყავს, ძირითადად უკანებს. დანარჩენი ორი თვლის ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას მძღოლი ღილაკის ან ბერკეტის საშუალებით იღებს. ზოგიერთი სისტემა დიფერენციალის ჩაკეტვის საშუალებას იძლევა.

Four-Wheel-Drive-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

4WD მანქანები რთულ პირობებში მართვისთვის საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა დღეს უკვე მდიდრულ, კომფორტულ ავტომობილებშიც გამოიყენება, ის ძირითადად იმისთვის შეიქმნა, რომ რთულ საგზაო პირობებს გამკლავებოდა.

4WD დიზაინი ძალიან დაიხვეწა, ისევე, როგორც ის მანქანები, რომლებიც ამ სისტემით სარგებლობს. 4WD უფრო ხისტ მართვადობას გვთავაზობს, ვიდრე 2WD. ეს სისტემა საწვავის ეკონომიაზე უარყოფითად მოქმედებს და მანქანის ღირებულებასაც ზრდის.

4WD ღრმა თოვლში გადაადგილებისთვის საუკეთესო არჩევანია.

AWD გჭირდებათ, თუ 4WD?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ და როგორ საგზაო პირობებთან გიწევთ გამკლავება. ასევე, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხიცაა.

AWD ნებისმიერი ზომის ავტომობილში შეგხვდებათ. ის დამატებით წევას განაპირობებს, როგორც ზამთრის პირობებში, ასევე მსუბუქ არასაგზაო პირობებში. ნაკლებად კომპრომისულია და საწვავის ეკონომიაც ნორმალურია. მის მოქმედებაზე მძღოლს გადაწყვეტილების მიღება არ უწევს.

4WD უკეთესი არჩევანია მათთვის, ვისაც ყოველდღიურად გზის უსწორმასწორო ზედაპირთან გამკლავება უწევს. ეს სისტემა ძირითადად დიდი ზომის და მაღალი კლირენსის მქონე ავტომობილებში გვხვდება. ისინი დიდ თოვლს კარგად უმკლავდებიან. ასევე მძიმე ტვირთის გადატანაც შეუძლია. თანაც, ეს მანქანები მძღოლს ძალის განაწილების დიდ კომფორტს უქმნის.

მსგავსი სიახლეები