ახალგაზრდების ნახევარს ავტომობილის ფლობა არ სურს | კვლევა
ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა მძღოლების მნიშვნელოვანი ნაწილი თანახმაა ავტომობილებზე უარი განაცხადოს და მათ სანაცვლოდ, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებს მიმართოს. Deloitte-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევით, ახალგაზრდა მძღოლთა წილი, რომელთაც ავტომობილის ფლობის სურვილი არ აქვთ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
ფირმამ კვლევა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, სახრეთ კორეის, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის ახალგაზრდებში ჩაატარა. საკვლევ პირთა ასაკი 18-დან 34 წლამდე იყო. ჯამში ამერიკელთა 44%-მა განაცხადა, რომ ავტომობილებზე უარის თქმა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ყველაზე მეტად კი, ამ გადაწყვეტილების მიღება გერმანელებს გაუჭირდათ, რაც მათ მანქანებისადმი სიყვარულს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არც უნდა იყოს. გერმანელ ახალგაზრდებში მხოლოდ 34% აღმოჩნდა მზად ავტომობილებზე უარის სათქმელად. დანარჩენ შემთხვევაშიც, მაჩვენებელი დაახლოებით მესამედია.
საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ინტერესი გამოკითხულთა შორის ინდოეთში დაფიქსირდა. ინდოელი ახალგაზრდების 70%-მა განაცხადა, რომ საკუთარი ავტომობილის ფლობას მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება ურჩევნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დასკვნები შეიძლება გასაკვირი ჩანდეს მანქანის ენთუზიასტებისა და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. შერჩევის ზომა შეერთებულ შტატებში გამოკითხვისთვის ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილი იყო და გაურკვეველია, ცხოვრობენ თუ არა ეს ადამიანები ქალაქის ცენტრებში, სადაც მანქანის მართვა შესაძლოა ნაკლებად პრაქტიკული იყოს, თუ ქალაქგარეთ, სადაც ავტომობილის ფლობა ხშირად აუცილებელია.
გარდა ამისა, კვლევამ დამატებით რამდენიმე საინტერესო ფაქტორიც გამოკვეთა. ამერიკელთა 62%-მა განაცხადა, რომ სურვილი აქვთ, მათი შემდგომი ავტომობილი ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე იყოს და მხოლოდ 5%-მა გააკეთა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ. სრულიად ავტონომიურ რობოტაქსებს რაც შეეხებათ, მათი გადაადგილება ქალაქში გამოკითხულთა 52%-ში შეშფოთებას იწვევს.