აშშ-ის საბოლოო რეგულაციები ჩინური და რუსული სმარტქარების ასაკრძალად
თეთრმა სახლმა ჩინური და რუსული საავტომობილო ტექნოლოგიის აკრძალვისთვის რეგულაციების საბოლოო ვერსია შეიმუშავა. ახალი შეზღუდვები ამ ქვეყნებიდან აშშ-ის ბაზარზე ე.წ. „სმარტქარების“, ანუ ჭკვიანი მანქანების შესვლას აკრძალავს.
თეთრი სახლის ფაქტობრივ დოკუმენტში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დეტალურად აღწერს, აღნიშნულია, რომ მიუხედავად ჩინეთიდან და რუსეთიდან შემოსული სმარტქარების შეთავაზებული უპირატესობისა, ამ ქვეყნების ჩართვა მიწოდების ჯაჭვში აშშ-ისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს: „ანიჭებს მათ წვდომას სისტემებსა და მონაცემებზე“.
„აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გაცემული საბოლოო წესდება, ჩინეთიდან და რუსეთიდან პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფით დაკავშირებული ავტომობილებისა და სმარტქარების იმპორტს კრძალავს“. ცნობისთვის, ჭკვიანი მანქანები სხვადასხვა ხელსაწყოს - მათ შორის Wi-Fi-ის, Bluetooth-ის, ფიჭური და სატელიტური კავშირის - გამოყენებით, მძღოლებისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„დღეს მანქანები არ არის მხოლოდ ბორბლებზე დამაგრებული ფოლადი; ისინი კომპიუტერებია“, - განაცხადა კომერციის საკითხებში მდივანმა ჯინა რაიმონდომ წესზე საუბრისას. „ეს არის მიზანმიმართული მიდგომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩინეთისა და რუსეთის ტექნოლოგიები ამერიკის ბაზარს მიღმა დარჩება“, - თქვა რაიმონდომ.
მისივე განცხადებით, ახალი რეგულაციები აშშ-ის კიბერსაფრთხეებისგანაც დაიცავს, რომლებიც კვლავაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებას. აშშ-მა აქამდეც არაერთხელ გაუსვა ხაზი ტექნოლოგიური პროგრესის აუცილებლობას, რაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვასთან ერთად უნდა მოხდეს.