ავარია, ფერარი, ფერარი ეფ40
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენის მქონე Ferrari F40 აღარ არსებობს

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარბენის მქონე Ferrari F40, რომელსაც მისი სანომრე ნიშნის გამო ბევრი F40PRX-ის სახელით იცნობს, უკვე აღარ არსებობს. ავტომობილის ავარიის ამსახველი კადრები, რომლებიც შემთხვევის შესახებ გარკვეულ ინფორმაციასაც გვაწვდის, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის თანახმად, შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის გამოც, სუპერქარმა მიმართულება შეიცვალა და გზიდან გადავიდა. 


F40-ის დაზიანება კატასტროფულია. წინა ბორბლები, საკიდარი, რადიატორი სრულად განადგურებულია. შესაძლოა Ferrari-მ მისი წინა ნაწილი ბოძთან შეჯახების შედეგად დაკარგა, რომლის ნაშთებიც თავდაყირა ყრია. შეჯახებას არც სუპერქარის უკანა ნაწილი გადაურჩა, დაზიანებულია უკანა ბამპერიც. 

შემთხვევის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზე, ავტომობილის სანომრე ნიშანი - F40PRX, ჩანს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამ ლოკაციაზე გადაღებული ვიდეოდან გახდა ფართოდ ცნობილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს, ავტომობილის სალონი პლასტმასის საფარით იყო დაფარული. ამის გათვალისწინებით, ბევრი ფიქრობს, რომ ავტომობილი ტექდათვალიერებაზე იმყოფებოდა და შესაძლოა, ავარიისას მას სერვისცენტრის რომელიმე თანამშრომელი მართავდა. 

ფაქტია, წლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავარია უკვე ვიხილეთ. თუმცა უცნობია, ვის მოუწევს თანხის ანაზღაურება, მფლობელს თუ სერვისცენტრს. F40-ის მხოლოდ 1 300 ეგზემპლარია წარმოებული, შესაკეთებლად მისი ნაწილების შოვნა კი, საკმაოდ რთულია. Hemmings Motor News-ის ინფორმაციით, Ferrari F40-ის ფასი საშუალოდ $1.5 მილიონის ფარგლებშია. კარგ მდგომარეობაში შემონახული ეგზემპლარების ღირებულება კი $1.9 მილიონსაც აღწევს.

მსგავსი სიახლეები