2007 წლის Ferrari აუქციონზეა | ვინ არის F430-ის გავლენიანი მფლობელი?
2007 წლის Ferrari F430 Coupe აუქციონზე იყიდება. აუქციონი თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიშნული ინაუგურაციიდან რამდენიმე კვირაში გაიმართება. რა შუაშია ინაუგურაცია Ferrari F430-ის გაყიდვასთან?
საქმე იმაშია, რომ წარსულში ამ ავტომობილის მფლობელი აშშ-ის ახლა მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. 15 000-კილომეტრიანი გარბენის მქონე Ferrari აშშ-ში, Rockstar Car Auctions-ზე გამოჩნდება. აუქციონი 16 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ავტომობილი, რომელიც მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული ტრამპის ხელმოწერითა და საგარანტიო ბარათზე მისი სახელით იყიდება.
აშშ-ის ყოფილი და აწ უკვე მომავალი პრეზიდენტის ავტომობილები აუქციონზე ადრეც გვინახავს. 1997 წლის მოდიფიცირებული Lamborghini Diablo VT, რომელიც ტრამპის საკუთრებაში 2002 წლამდე იყო, გასულ წელს კიდევ ერთხელ, $1.1 მილიონად გაიყიდა.
„ტრამპს Lamborghini-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებდა, რომლის ფარგლებშიც მას ავტომწარმოებლისთვის Diablo-ს სპეციალური ვერსიების შეკვეთაც შეეძლო. სანაცვლოდ კი, ტრამპი ბრენდისა და მოდელის პოპულარიზაციას ეწეოდა”, ნათქვამია, აუქციონის სახლის აღწერილობაში. ეს Ferrari კი, პირველი ავტომობილი არაა, რომელზეც ტრამპის ხელწერაა. იგივე ხდება Cadillac-ის ლიმუზინების სერიაში.
Cadillac-ის ლიმუზინების წარმოებაზე, რომლებზეც მისი ხელმოწერა იქნებოდა დატანილი, ტრამპმა მაშინ თავადვე განაცხადა. „გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მოხდება ორი Cadillac-ის ფორმის ლიმუზინის წარმოება ჩემი სახელით“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა. „Trump Golden Series იქნება ყველაზე მდიდრული ლიმუზინი, რაც კი ოდესმე წარმოებულა. Trump Executive Series კი, იმავე ავტომობილის შედარებით მოკრძალებული ვერსია”, თქვა მაშინ ტრამპმა.