ხანძარი, ვინტაჟური ავტომობილები, კალიფორნიის ხანძარი
Aa
Aa

როგორ გადაურჩნენ ვინტაჟური ავტომობილები კალიფორნიის დამანგრეველ ხანძარს?

პასუხი მარტივია - ისინი, პლასტმასისგან არაა დამზადებული.

კალიფორნიაში, 6 იანვრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 27 ადამიანამდეა გაზრდილი, განადგურდა ათიათასობით ნაგებობა და ავტომობილი.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ წმენდს ბულდოზერი ქალაქის ქუჩებს მიტოვებული ავტომობილებისგან. შემდეგ ძვირად ღირებული ავტომობილებიც ვიხილეთ, რომლებიც უცნობმა პირმა McDonald's-ის ტერიტორიაზე დატოვებით გადაარჩინა. თუმცა ეს საკითხი ბევრი ავტოენთუზიასტისთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება.

დღევანდელი ისტორიის გმირები, ის ვინტაჟური ავტომობილებია, რომლებიც კვლავ დამწვარი სახლების წინ არიან დატოვებულნი, თუმცა თვითონ თითქმის უვნებლად გამოიყურებიან. ეს უნიკალური და დამამახსოვრებელი ფოტოები კი, Getty-ის ფოტოჟურნალისტს, ჯასტინ სალივანს ეკუთვნის.

რთულია იმის თქმა, რომ ავტომობილები თითქმის დაუზიანებელია, მაგრამ ფაქტია - ყველა მათგანი კარგად გამოიყურება. საინტერესოა ისიც, რომ ამ ვინტაჟური ავტომობილებიდან თითქმის ყველა ამერიკულია, ერთის გარდა. ეს ერთი გერმანული Volkswagen Beetle-ია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც გადაარჩინა ეს მანქანები დაღუპვისგან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათი კორპუსი მთლიანად ლითონისა და მინისგან არის დამზადებული. 

სიმართლეა ის, რომ თანამედროვე მანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა ავარიის დროს, ვიდრე ვინტაჟური; მაგრამ ძველი თაობის პრეტენზიებიც იმის შესახებ, რომ ახალი მოდელები პლასტმასისგანაა დამზადებული, გარკვეულწილად მართალია. და ამის გამო ისინი გადაურჩნენ უკიდურესი სიცხისა და ქარისგან გაჩენილი ცეცხლისგან. ყოველ შემთხვევაში მათი ექსტერიერი. კაპოტის ქვეშ რა ხდება, ეს ნამდვილად არ ვიცით.

რა თქმა უნდა, ავტომობილების გადარჩენაში გარემოებების როლიც უმნიშვნელოვანესია. მათ შორის ქარის მიმართულება და ბეტონის ბარიერებიც. თუმცა იმის ფონზე, რაც ამ დღეებში კალიფორნიის ქუჩებში ხდება, მათი გადარჩენა გასაოცარია.

თქვენს წინაშეა გადარჩენილი ავტომობილები: Cadillac Coupe De Ville მესამე თაობა, Chevy Corvair 95, Chevy C20, AMC Hornet Sportabout, 80-იანების ბოლოსკენ გამოშვებული Oldsmobile Cutlass Supreme, 1950-იანი წლების Chevy 210, პირველი თაობის Chevrolet Chevelle, Ford Falcon-ის მეორე თაობა, VW Beetle, Ford Custom-ი ცნობილი, როგორც Shoebox-ი.

მსგავსი სიახლეები