რატომ ითხოვს Honda, Nissan-ისგან Renault-ის წილის გამოსყიდვას?
Aa
Aa

რატომ ითხოვს Honda, Nissan-ისგან Renault-ის წილის გამოსყიდვას?

მთავარი კითხვაა - აქვს თუ არა Nissan-ს $3.6 მილიარდი Honda-ს სურვილის შესასრულებლად. 

ავტოინდუსტრია Honda-სა და Nissan-ის შესაძლო გაერთიანების მოლოდინშია. კომპანიებმა შერწყმასა და საერთო, ჰოლდინგური ფირმის ჩამოყალიბების შესახებ ოფიციალურადაც განაცხადეს. ცნობილია ისიც, რომ ავტომწარმოებლები ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაიწყებენ. დიდი შანსია, რომ ამ წამოწყებაში მესამე იაპონური ფირმა Mitsubishi-იც ჩაერთვება, რომელიც Nissan-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი არაა. უცხოურ მედიებში აქტიურად იწერება, რომ Honda-მ, თავის მომავალ პარტნიორს, ანუ Nissan-ის Renault-ის წილის გამოსყიდვის თხოვნით მიმართა. მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივად შესასრულებელი სათხოვარია, რადგან ფრანგული ავტომწარმოებელ ამჟამად Nissan-ში 35.7%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულებაც $3.6 მილიარდს აღწევს.

თავად Renault-ი, იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არაა და მხოლოდ განაცხადა, რომ განიხილავს ყველა ვარიანტს, რომელიც ჯგუფისა და მისი სხვა, დაინტერესებული მხარეების ინტერესებისთვის საუკეთესო გამოსავლამდე მიიყვანს.

Bloomberg-ის ინფორმაციითვე, Honda-ს მიმართვა Nissan-სადმი წილის გამოსყიდვის თაობაზე მხოლოდ თხოვნითი ხასიათის იყო. ანონიმური წყაროების ცნობით, Honda შიშობს, რომ Nissan-ი შესაძლოა არასასურველი საგარეო გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ Renault-ის წილს სხვა, მესამე მხარე შეისყიდის.

ამის მიუხედავადაც, Nissan-ს ფრანგული ბრენდის წილის გამოსყიდვა, დიდი ალბათობით, გაუჭირდება. იაპონური ავტომწარმოებელი, ნაღდი ფულისა და მისი ეკვივალენტის სახით, 2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ $9.8 მილიარდს ფლობდა. Honda-ს სურვილის ასასრულებლად, ამ თანხის მესამედზე მეტია საჭირო, რაც ამ პირობებში საკმაოდ მაღალი ხარჯია. ამას ემატება Nissan-ის ფინანსური პრობლემებიც, რაც ამ გეგმის განხორციელებას უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ.


მსგავსი სიახლეები