Toyota-მ გამონაბოლქვზე იცრუა | ჯარიმა ასტრონომიულია
ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების მიერ ავტომობილების გამონაბოლქვზე დაწესებული რეგულაციები ყოველწლიურად მკაცრდება. ცოტა ხნის წინ, დავწერეთ, რომ სხვადასხვა ავტომწარმოებლები მზად არიან მილიარდი დოლარი გადაუხადონ Tesla-ს, მხოლოდ იმისთვის, რომ გამონაბოლქვზე დაწესებული ჯარიმები თავიდან აიცილონ.
და მაშინ, როდესაც კომპანიები $1 მილიარდის გადახდასაც კი თანხმდებიან, მარტივი წარმოსადგენია თუ რა ზომის ჯარიმებზე გვაქვს საუბარი. ფაქტია, Toyota-მ ეს უკვე თავადაც გამოცადა.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა დიზელის გამონაბოლქვთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ იცრუა. Hino Motors-ი, Toyota Group-ში შემავალი კომპანია, მათ მიერ წარმოებული გამონაბოლქვის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნების გამო, $1.6 მილიარდის ჯარიმას გადაიხდის. სიცრუის შემცველი დოკუმენტები კომპანიამ აშშ-ის საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში (NHTSA) წარადგინა.
Hino Motors-ის საბოლოო ბრალეულობა მოიცავს $236.5-ის სამოქალაქო ჯარიმას კალიფორნიისთვის, დამატებით ჯარიმას $525-ის სახით და სისხლის სამართლის ჯარიმასაც, რომელიც $521.7 მილიონის ღირებულებისაა.
მოხსენების თანახმად, Hino Motors-ი აღიარებს, რომ დაახლოებით 105 000 ტრასისთვის განკუთვნილი დიზელზე მომუშავე ავტომობილისა და 6 000-მდე "ოფ-როუდის" მონაცემები გააყალბა. კომპანიამ 2017-2019 წლებში წარმოებული ძრავების ნაწილიც უკან გაიწვია, რათა მოთხოვნების მიხედვით შეცვალოს.
ცნობისთვის, იაპონურმა გიგანტმა Toyota-მ Hino Motors-ში აქციების უმრავლესობა ჯერ კიდევ 2001 წელს შეისყიდა. კომერციულ მძიმე და საშუალო სატვირთო ავტომობილებთან ერთად, კომპანია ძრავებსაც აწარმოებს.
Toyota-ს საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმა, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უმსხვილესია მას შემდეგ, რაც Volkswagen-ი თითქმის ათწლეულის წინ ზუსტად იმავე სკანდალში გაეხვა. Hino-ს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთეს და მოიბოდიშეს.