როგორია აშშ-ის ახალი ხედვა ელექტრომობილების რეგულაციებზე?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუშინ, 20 იანვარს ინაუგურაცია შედგა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა, თანამდებობაზე მოსვლიდან პირველივე საათებში, რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. მისივე განცხადებით, შტატებში მისი მმართველობის პერიოდში რადიკალური ცვლილებები იგეგმება, მათ შორის ელექტრომობილების განვითარებისა და წარმოების მიმართულებით.
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დრო ნამდვილად არ დაუკარგავს და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ ჯო ბაიდენის ე.წ. „ელექტრომობილების მანდატის“ გაუქმების ბრძანებას, როგორც მას თავად უწოდებს, ხელი მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მანდატი არ არსებობს, ტრამპი გააუქმებს რამდენიმე ელექტრომობილების მხარდამჭერ პოლიტიკას და შეუმცირებს დაფინანსებას EV-ების დამუხტვის ეროვნულ ქსელს.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი მთავარი ბრძანებაა გაუქმდეს ყოფილი ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის, შეერთებულ შტატებში გაყიდული ახალი მანქანების 50% ელექტრო უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მიზანია და არა სამართლებრივი მოთხოვნა, ბევრმა ავტომწარმოებელმა EV-ებთან დაკავშირებული გეგმები ხელისუფლების გეგმებს მოარგო.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე შეეხება „მომხმარებელთა გულწრფელი არჩევანის წახალისებას“, რომელიც ქვეყნის ახალი ლიდერის აზრით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და ინოვაციისთვის“. ტრამპი გამონაბოლქვზე დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებასაც განიხილავს, რაც მისი თქმით, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების შეზღუდვისკენაა მიმართული.
ახალი ადმინისტრაციის ცვლილებები ელექტრომობილების დამუხტვის სადგურების გაფართოებისთვის გამოყოფილ ფედერალურ დაფინანსებებსაც შეეხება. 2021 წელს, ბაიდენმა, EV-ების დამუხტვის ეროვნული ქსელის განვითარებისთვის $7.5 მილიარდი გამოყო. ამ გეგმით, 2030 წლამდე, დამუხტვის სადგურების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 500 000 ერთეულით უნდა გაზრდილიყო. ტრამპის განცხადებით, დაფინანსებების გაცემა დაუყოვნებლივ შეჩერდება. გარდა ამისა, გადაიხედება გრანტების, სესხების და კონტრაქტების გაცემის პროცესები, პოლიტიკა და პროგრამები.