ავარია, ლანდო ნორისი, ფერარი, ფერარი ეფ40
Aa
Aa

ვიღაცამ ლანდო ნორისის Ferrari ითხოვა და დაამტვრია

სულ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კილომეტრაჟის მქონე Ferrari F40-ის დამტვრევის კადრები გავრცელდა. რამდენიმე დღეში Ferrari F40-ის კიდევ ერთი ავარია ვიხილეთ და ეს მოდელიც, წინამორბედის მსგავსად ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილია.

ეს Ferrari F40, „ფორმულა 1“-ის გუნდ McLaren-ის ახალგაზრდა პილოტს, ლანდო ნორისს ეკუთვნის. თუმცა შემთხვევის დროს, მას ლანდო არ მართავდა. სავარაუდოდ, ინციდენტი ამ თვის დასაწყისში მოხდა, მაშინ, როდესაც McLaren-ის ბრიტანელი ვარსკვლავი დუბაიში, ახალი წლის აღსანიშნავად იმყოფებოდა.

ნორისმა F40 გასული წლის ბოლოს შეიძინა და მას შემდეგ, საკულტო იტალიური სუპერქარით მონაკოს ქეჩებში არაერთხელ დააფიქსირეს. უცნობია, თუ ვინ  მართავდა ავტომობილს ინციდენტის დროს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ბრიტანელი პილოტი არ ყოფილა.

Ferrari-ის დამტვრევის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და მალევე, თითქმის ყველა პლატფორმა მოიცვა. ვიდეოდან ჩანს, რომ ავტომობილი ინციდენტის დროს მთიან ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, მოულოდნელად კი, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, დამუხრუჭებაც სცადა და შედეგად, მარჯვენა მხარეს, ბარიერების მიმართულებით გადავარდა.

საბედნიეროდ, ყველაზე მაღალი კილომეტრაჟის მქონე F40-ის დაზიანებასთან, ამ ავარიის სიმძიმე ახლოსაც ვერ მივა. დარტყმა, როგორც ჩანს, უკანა ბამპერზე იყო კონცენტრირებული და ავარიის მთლიანი სიმძიმეც ავტომობილის ამ ნაწილზე მოვიდა. არსებობს შანსი, რომ მძღოლის უკანა ბორბალიც დაზიანდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო, თუმცა მთლიანობაში სუპერმანქანა ავარიას ნაკლებად მძიმე დაზიანებებით გადაურჩა.

ფაქტია, რომ საკმაოდ მცირე დროში ლეგენდარული მოდელის ორი ეგზემპლარი ლამის განადგურდა. დღემდე, Ferrari F40 ავტომოყვარულთა შორის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა და მისი ფასიც, შესაბამისად, მაღალ ნიშნულზე რჩება.

F40-ის მხოლოდ 1 300 ეგზემპლარია წარმოებული, შესაკეთებლად მისი ნაწილების შოვნა კი, საკმაოდ რთულია. Hemmings Motor News-ის ინფორმაციით, Ferrari F40-ის ფასი საშუალოდ $1.5 მილიონის ფარგლებშია. კარგ მდგომარეობაში შემონახული ეგზემპლარების ღირებულება კი $1.9 მილიონსაც აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები