მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდი | ტოპ 10
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2024 წლის განმავლობაში, წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. მაგრამ, იმავეს თქმა არ შეგვიძლია მილიარდერის მიერ დაარსებულ ავტომწარმოებელზე. ელექტრომობილების ამერიკული გიგანტის ბრენდის ღირებულება, 2025 Brand Finance-ის მონაცემებით, 25%ით დავარდა. შედეგად, Tesla ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ბრენდებს შორის, მეოთხე ადგილზეა.
Brand Finance-ის შეფასებით, Tesla-ს ბრენდის ღირებულება $43 მილიარდს აღწევს მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში $58.3 მილიარდს, ხოლო 2023 წელს $66.2 მილიარდს უტოლდებოდა. ეს ვარდნა, როგორც Mercedes-ს, ასევე Hyundai Group-ს, ამერიკული გიგანტისთვის გადასწრების საშუალებას აძლევს. გერმანული ავტომწარმოებელი, მიუხედავად 11%-იანი ვარდნისა, $53 მილიარდით ახლა მეორე ადგილზეა. ხოლო პირველ პოზიციას იაპონური Toyota იკავებს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ბრენდის ღირებულებამ შთამბეჭდავი 23%-იანი მატების შემდეგ $64.7 მილიარდს მიაღწია.
Brand Finance-ის ვარაუდით, Tesla-ს ბრენდის ღირებულების ვარდნაში, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ავტომწარმოებლის მოძველებული ხაზია, ასევე მისი საკამათო ხელმძღვანელიც, რომლის საქმიანობა და მოსაზრებები ავტომობილების ინდუსტრიის გარეთ, მათ შორის პოლიტიკაში, პოლარიზებული აღმოჩნდა. ამის მიუხედავადაც, გასაკვირი არაა, რომ Tesla-ს დადებითი შედეგები ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება და არა ევროპის ნაწილს, სადაც მაგალითად მისი ჩინური კონკურენტების გაძლიერება შეინიძნება.
„არსებობენ ადამიანები, რომელთაც ის მოსწონთ. თუმცა ბევრი უარყოფითადაა განწყობილი“, - განაცხადა Brand Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰეიმ. „თუ თქვენ ელექტრომობილების მომხმარებელთა შორის ხართ, მაშინ მისი პერსონა დიდი ალბათობით იმოქმედებს თქვენს გადაწყვეტილებაზე, შეიძინოთ თუ არა Tesla-ს ავტომობილი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთია მრავალი ფაქტორიდან.“
ცნობისთვის, Brand Finance-ის კვლევა ბევრად უფრო ზოგადია და ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს მოიცავს. საერთო რეიტინგის პირველ ათეულში ავტომწარმოებლები არ გვხდებიან, Toyota მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა, Tesla კი მთლიანობაში მე-18 ადგილს იკავებს - მაშინ, როდესაც 2023 წელს მე-9 ადგილზე იყო. საერთო რეიტინგის ლიდერი, $574.5-მილიარდიანი ბრენდის ღირებულებით Apple-ია, შემდეგ მოდის Microsoft-ი ($461 მილიარდი) და Google ($413 მილიარდი).