შუმახერის Ferrari-ის იდუმალი ისტორია, რომლის ძრავაც გაუჩინარდა
1996 წელს, Ferrari-ში მიხაელ შუმახერის დიდებული კარიერა დაიწყო. სულ რაღაც ორი წლით ადრე, იმ წელს, როდესაც აირტონ სენა გარდაიცვალა, შუმახერი Benetton-ით, რომელსაც ბევრი ჩემპიონატის საუკეთესო მანქანად არც მიიჩნევდა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა კი თავისი წარმატება 1995 წელსაც გაიმეორა და ყველას დაუმტკიცა, რომ მისი გამარჯვება შემთხვევითობის დამსახურება არ ყოფილა.
მისი ტიტულების მიუხედავადაც Ferrari-ის ბევრ გულშემატკივარს ჰამილტონი „უბრალოდ არ უყვარდა“ და არც იმით იყვნენ კმაყოფილნი, რომ გერმანელმა ჟან ალესის ადგილი დაიკავა. თუმცა მალე, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდნენ, რომ შუმახერი იმ დროის ყველაზე სწრაფი პილოტი იყო.
Ferrari-ის ვარსკვლავს პირადი გამოყენებისთვის რამდენიმე, საჯარო ტრასებისთვის განკუთვნილი მოდელიც ჰყავდა. ეს იყო ავტომობილების გრძელი სია, რომლის შედგენაც ყველას გაუჭირდებოდა. თუმცა, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ გერმანელის საკუთრებაში ნამდვილად იყო ლურჯი ფერის Ferrari F355 GTS - ზუსტად ის, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.
F355 პირველად 1994 წელს გამოჩნდა, 1995 წელს კი, ამ მოდელის Spider და GTS-ვერსიებიც ვიხილეთ. ეს უკანასკნელი, თავისი პატარა მოსახსნელი სახურავით გამოირჩეოდა, რომელიც F355-ის დიზაინს უნიკალურ ხიბლს მატებდა. რეალურად, ეს მოდელი Ferrari 348-ის ძალიან წარმატებული განახლება გახლდათ, 3.5-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100 მდე 4.7 წამში ჩქარდებოდა. მაქსიმალური სიჩქარით - 295 კმ/სთ.
თუმცა, როგორც ჩანს, მისი დანაყოფი გაძლიერებული ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც გერმანელის გემოვნებას ნამდვილად შეესაბამებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი დაზუსტებით არავინ იცის, რადგან შუმახერს ეს „საიდუმლო“ არასდროს გაუმხელია.
ავტომობილის კონფიგურაციაც გერმანელ პილოტს უკავშირდება. ექსტერიერისთვის შუმახერმა ექსტერიერისთვის Le Mans Blue-ის ფერი აირჩია, ხოლო სალონისთვის Pella Crema ტყავის ინტერიერი. და რადგან F355-ს 1997 წლამდე არ შეეძლო არჩევითი ავტომატური გადაცემათა კოლოფის დაყენება, შუმახერის მანქანა მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღიჭურვა.
მანქანა ჯერ Ferrari Deutschland-ს გადაეგზავნა, ხოლო იქიდან 1996 წლის 30 აპრილს, Weber Management GmbH-ს გადაეცა. მაგრამ შუმახერს მისი გერმანიაში დატოვება არ სურდა და მონაკოში, მის რეზიდენციაში წაყვანა გადაწყვიტა. საკუთრებაში ყოფნის პირველივე დღეს, ავტომობილმა ძალიან კარგი შედეგი დადო, რომელიც Monaco Motors-ის არქივშიც დაფიქსირებულია. ავტომობილი Ferrari-ის ოფიციალურ სადილეროში ხუთი დღის შემდეგ მიიყვანეს 1 639 კმ-იანი გარბენით.
სწორედ ამ ცენტრში გადიოდა შემოწმებებს ავტომობილი 1997 წლის სექტემბრამდე. და როგორც ჩანს, შუმახერის განკარგულებაში ის 2002 წლის მაისამდე რჩებოდა - შემდეგ კი Ferrari-ის ენთუზიასტმა პიერ ვალენტინმა შეიძინა.
2012 წლის ბელგიის გრან-პრიზე, როდესაც შუმახერი უკვე Mercedes-AMG-ს საჭეს მართავდა, Ferrari-ის ახალი მფლობელი გერმანელ პილოტს მიუახლოვდა და თავისი F355 GTS-ის ფოტო აჩვენა. როგორც ის იხსენებს, შუმახერმა ფოტო დახედა თუ არა მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი ძველი მანქანა იყო და ისიც ძალიან გაუხარდა, რომ მან ნამდვილ ენთუზიასტთან ახალი სახლი იპოვა.
2020 წელს ახალმა მფლობელმა Ferrari Classiche-ის სერტიფიკატი შეუკვეთა და სწორედ მაშინ უსიამოვნო სიურპრიზიც შეემთხვა: ორიგინალი ძრავა შეცვლილი იყო და შასის ნომერს აღარ ემთხვეოდა. ეს ძრავა სხვა Ferrari F355-დან იყო გადმოტანილი და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მომზადების გარეშე. უცნობია, თუ რა ბედი ეწია ავტომობილის ქარხნულ ძრავას. შესაძლოა ის თავად Ferrari-მაც შეცვალა, რომ შუმახერის გარდა, ამ უნიკალური ძრავის გამოცდის საშუალება არავის ჰქონოდა. ამ ყველაფერს ჩვენ ვერასდროს გავიგებთ.
ყოველ შემთხვევაში, 4 თებერვალს RM Sotheby's-ის მეშვეობით Ferrari კვლავ გაიყიდება, უცნობია თუ რა ფასად. F355 GTS-ის ფასები ამჟამად 150 000 ევრომდეა გაზრდილი, თუმცა მის ღირებულებაზე, დიდი ალბათობით, ავტომობილის ლეგენდარული მფლობელის სახელიც იქონიებს გავლენას.