Citroen-ი თავის საკულტო, 2CV მოდელს აბრუნებს?
Aa
Aa

Citroen-ი თავის საკულტო, 2CV მოდელს აბრუნებს?

ხელმისაწვდომ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია, რასაც მიწოდებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. თუმცა ეს პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო აქტუალურია, ციდრე ევროპაში, სადაც დაბალ ფასში ავტომობილების ბაზარზე შედარებით დიდი არჩევანია. მაგრამ, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა სიტუაცია შედარებით გამოსწორდეს, რადგან გავრცელებული ხმებით, Citroen-ი თავისი საკულტო 2CV-ის დაბრუნებას განიხილავს.

Autocar-ის ინფორმაციით, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა ახალ 2CV-ზე მუშაობა უკვე დაიწყო - სავარაუდოდ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული დიზაინით. 2CV ეკონომიური მოდელი გახლდათ, რომლის წარმოებაც Citroen-მა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო და 1990 წლამდე გააგრძელა. 2CV-ის წარმოებამ, ქვეყნის ომისშემდგომი ეკონომიკის აღდგენაში, განსაკუთრებით კი ქალაქგარეთ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ავტომობილის თავდაპირველ, ქარხნულ ვერსიას ბევრი საინტერესო თვისება ჰქონდა. მათ შორის საკიდარი საგზაო ღრეჩოს ავტომატური რეგულირებით, წამყვანი ხიდის ნახევარღერძზე დამონტაჟებული მუხრუჭებითა და გადასახსნელი ზედით. ამ მოდელის დებიუტი 1948 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა და მისი მარტივი დიზაინისა და ინჟინერიის დამსახურებით, მალევე, პოპულარულ ავტომობილად იქცა.

ახალი 2CV-ის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა თუ პროექტი ჯერ ახალი დაწყებულია, ალბათ, დამატებითი დეტალები მის შესახებ წლის განმავლობაში გახდება ცნობილი. წარმოებაში ავტომობილის ჩაშვება კი, შესაძლოა უახლოეს 3-4 წელში იგეგმებოდეს. გამოცემების თანახმად, ახალი მოდელი სავარაუდოდ Stellantis-ის Smart Car-ის პლატფორმაზე შეიქმნება, რაც მისი დაბალი ფასის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

2CV-ის მოდელი სავარაუდოდ Ami-სა და C3-ის ხაზს შორის გამოვა და ეფექტიანობაზე იქნება ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ Smart Car-ის პლატფორმას ბევრი ტიპის ძრავა შეეწყობა, ავტოგამოცემები ირწმუნებიან, რომ 2CV ბატარეით აღჭურვილი ელექტრომობილი იქნება, რომელიც კონკურენციას Renault 5-ს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები