BMW ჩინურ ავტომწარმოებლებთან გაერთიანდა | მიზეზი?
ევროკავშირის ტარიფებთან გასამკლავებლად, ევროპისა და ჩინეთის ოთხმა ავტომწარმოებელმა ძალები გააერთიანა. BMW, BYD, Geely, და SAIC-ი იმ კომპანიათა შორის არიან, რომელთაც გასულ კვირაში, ვადამდე ერთი დღით ადრე, საჩივარი შეიტანეს.
ავტომწარმოებელთა კვარტეტი გასულ წელს, ევროკავშირის მიერ ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს. ევროკომისიის მტკიცებით, ჩინური მწარმოებლები დახმარებას მათი ქვეყნის ხელისუფლებისგან იღებენ. პანელის დასკვნით, ეს დახმარება, ევროპულ ავტომობილების ბაზარზე არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ქმნიდა.
გამომძიებელთა თქმით, დახმარება არის მრავალი სახის, დაბალპროცენტიანი სესხებიდან დაწყებული, ბატარეების სუბსიდირებით დასრულებული. მათ მიერ მიღებული დახმარების ზომა, განსხვავებული, ხოლო პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა. განსხვავებულია ის ტარიფებიც, რომლებიც ამ მიზეზით ჩინურ ავტომწარმოებლებს დაუწესდებათ. მაგ. BYD-ის შემთხვევაში ეს შედარებით დაბალი, 17%-იანი განაკვეთით განისაზღვრება, თუმცა მაგალითად SAIC-ზე 35%-იანი ტარიფი დაწესდება.
რა შუაშია ამ ყველაფერთან BMW-ი? მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კონკურენტებზე მაღალი ტარიფები შესაძლოა გერმანული ავტომწარმოებლისთვის გაყიდვების ზრდის გარანტიად იქცეს, ისინი Mini-ისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ახალი ელექტრო Cooper-ი და Aceman SUV-ი ჩინეთში იწარმოება. BMW-ის გარდა ტარიფების წინააღმდეგ სხვა ფირმებიც გამოდიან. VW Group-ის Cupra და Mercedes-იც მათ შორის არიან, რომელბიც წარსულში, ტარიფებს აპროტესტებდნენ.
ჩინური ავტომწარმოებლები კი, ტარიფებთან გასამკლავებლად, წარმოების ნაწილის ევროპასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოტანას განიხილავენ. მათ შორისაა Chery, რომელიც ესპანეთში, Nissan-ის ყოფილ ქარხანაში აწარმოებს ავტომობილებს, BYD-ის ქარხნები აქვს უნგრეთსა და თურქეთში, ასევე არიან ჩინეთის ოფიციალური პირები, რომლებიც VW-ის შეძენითაც იყვნენ დაინტერესებულნი.