ჰონდა, ნისანი, მიცუბიში
Aa
Aa

Honda და Nissan-ი გაერთიანდნენ | თუმცა Mitsubishi თამაშგარე დარჩა?

ერთი თვის წინ, ავტოინდუსტრიის მთავარი მოვლენა Honda-სა და Nissan-ის გაერთიანება გახლდათ. ავტომწარმოებლებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს და უმსხვილესი კომპანიის ჩამოყალიბების მიზნით ძალები შეაჯერეს. მაგრამ თუ თავდაპირველი გეგმით, იაპონურ გიგანტებთან გაერთიანებას Mitsubishi-ც გეგმავდა, გავრცელდა ხმები, რომ ეს უკანასკნელი თამაშგარეთ დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების პრესრელიზში, Mitsubishi ნახსენები არ იყო, საღამოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში სამივე იაპონური ავტომწარმოებლის ხელმოწერა იყო აღბეჭდილი. Mitsu-მ კი, განაცხადა, რომ პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თავის მონაწილეობასა და ჩართულობას შეისწავლიდა.


ამის მიუხედავად, იაპონური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ Mitsubishi-მ გაერთიანებაზე უარი თავადვე განაცხადა. გამოცემების თანახმად, თავდაპირველად კომპანიამ თავის ადგილობრივ კონკურენტებთან ერთად ჰოლდინგური კომპანიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მალევე უკან დაიხია და მოგზაურობაც მარტო გააგრძელა.

ამის შემდგომ Mitsubishi-მ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც გავრცელებული ხმები არც დაუდასტურებია და არც უარყვია. კომპანიამ მხოლოდ ის თქვა, რომ ვარიანტებს ჯერ კიდევ ამოწმებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Nissan-ი, 24%-იანი წილით Mitsubishi-ის უმსხვილესი აქციონერია. აქვეა Renault-ი, რომელიც Mitsubishi-თან ერთად Nissan-შიც წილს ფლობს და ამ უკანასკნელს, Honda-მ ამ წილის გამოსყიდვაც კი მოსთხოვა.



რაც შეეხება Toyota-ს? თავმჯდომარემ აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი არასოდეს ყოფილა ჩართული შერწყმის მოლაპარაკებებში. ანტიმონოპოლიური კანონების გამო, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ კიდევ უფრო დიდი შერწყმა მაინც შეუძლებელი იქნებოდა.

თუ გავითვალისწინებთ Toyota-ს 20%-იან წილს Subaru-ში, 5%-ს Mazda-ში და კიდევ 5%-იან წილს Suzuki-ში, ამის მართვა კორპორატიული კოშმარი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ Toyota ასევე სრულად ფლობს Daihatsu-საც.

მსგავსი სიახლეები