თანამედროვეობის პრობლემა: ავტომობილები ზომაში იზრდებიან, პარკინგზე ადგილი აღარ რჩება
პარკირების ადგილის პოვნა ბოლო წლების აქტუალური პრობლემა გახდა. სამსახურში, სავაჭრო მოლებსა და სახლთანაც კი, ავტომობილის გაჩერება თითქმის შეუძლებელი გახდა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თუნდაც ახალ საცხოვრებელ კორპუსებშიც კი, საპარკინგე ადგილში მყიდველებს თითქმის იმდენის გადახდა უწევთ, რამდენიც ბინაში აქვთ უკვე გადახდილი.
ახლა კი, ბევრი უკვე თანამედროვე ავტომობილების გაზრდილ ზომებზეც მიუთითებს, რაც მათივე თქმით, პარკირებაში ახალ პრობლემებს წარმოქმნის. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საკუთარ აზრს უკვე ქალაქების მუნიციპალიტეტები და მათ შორის, საჯარო და კერძო ბიზნესებიც გამოთქვამენ. ბიზნესებსა და მუნიციპალიტეტებს მთელს მსოფლიოში ახლა უწევთ იმის გარკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ჩვენი ქალაქის ცენტრის პარკინგთა დიდი ნაწილი გამოუყენებელი რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ვიწროა თანამედროვე ავტომობილებისთვის“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ქალაქ კოლჩესტერის საკრებულოს წევრმა მარტინ გოსმა BBC News-თან ინტერვიუში. გოსმა გამოცემასთან მათ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა - გამოიყოს ცალკე დაფინანსება პარკირების ადგილებში ხაზების გადაღებვაზე. მისივე შეფასებით, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, და ამ პრობლემას ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტად განვითარება ვერ მოაგვარებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა „შეთითხნილი“ არაა ის მართლაც საკმაოდ რეალურია. მანქანების ზომა იზრდება და ეს, მხოლოდ პიკაპებსა და უცნაური ფორმის Cybertruck-ს არ შეეხება. კომპაქტური ავტომობილები კომპაქტურები ნამდვილად აღარ არიან. მაგალითად, აიღეთ Toyota Corolla. 2000 წლიდან 2025 წლამდე მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მანქანა სიგრძეში 20 სმ-ით, სიგანეში კი - 8.6 სმ-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ის მაინც მხოლოდ მაქსიმუმ 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელიც ავტომობილების ზრდას განაპირობებს. მათ შორის უსაფრთხოების რეგულაციები, რომლებიც მეტ აღჭურვილობას მოითხოვს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამავდროულად, მომხმარებლებიც უფრო მეტ კომფორტს, მეტ ტექნოლოგიასა და სიმშვიდეს ითხოვენ.
გამომდინარე აქედან, ახალი ავტომობილების გასული წლების მოდელების ზომაზე მორგებას აზრი უბრალოდ არ აქვს. მაშინ, ბევრ რამეზე უარის თქმაც მოგვიწევს. გამოსავალზე სახელმწიფოების ნაწილი უკვე მუშაობს. მაგალითად, ავსტრალიაში სურთ, სამშენებლო კომპანიებმა ამჟამინდელი და მომავალი თაობის ავტომობილების ზომებს საკუთარი ავტოფარეხები მშენებლობის დაწყებამდე მოარგონ. შეგვიძლია დაველოდოთ და გავიგებთ, რა შედეგებს გამოიღებს ეს წამოწყება ან ჩვენ მიერ უკვე ნახსენები პარკირების ზოლების ხელახალი გადაღებვა...