ყინულზე დრიფტი | Porsche Taycan GTS-ის ახალი გინესის რეკორდი
Porsche-ს მრავალრიცხოვან ტიტულებს კიდევ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდი შეემატა. ყინულზე უწყვეტი, 46-წუთიანი დრიფტის განმავლობაში ელექტრომობილს გამოცდილი პილოტი, იენს რიხტერი მართავდა. ეს Taycan-ისთვის გინესის რიგით მეოთხე, მსოფლიო რეკორდია.
რიხტერმა ელექტრომობილით დრიფტისას კონტროლის შენარჩუნება თითქმის 17.5 კილომეტრზე მოახერხა. ამ შედეგით კი გასული რეკორდი, 14.8 კილომეტრი დაამხო, რომელიც ასევე ყინულზე დრიფტისთვის, Mercedes-ს ეკუთვნოდა. მესამე ადგილზე არის Skoda- დაახლოებით 7.4 კილომეტრით.
რეკორდის დამყარების შემდეგ კომენტარი Taycan GTS-ის პილოტმაც გააკეთა: „ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება. ყინულის საფარი იმაზე სწრაფად გაუარესდა ვიდრე წარმოგვედგინა. ამიტომაც, პირველ ჯერზე, 11 კილომეტრის დაფარვის შემდეგ ექსპერიმენტის შეწყვეტა მოგვიხდა“.
თუმცა მეორე მცდელობა უკვე წარმატებული გამოდგა. რეკორდის დამყარება Porsche-ს გუნდმა ამჯერად შებინდებისას სცადა, დაბალმა ტემპერატურამ კი, ყინულის ფენის შენარჩუნებას ხელი შეუწყო. ამან რიხტერს საშუალება მისცა, ყინულზე კონტროლი 132 წრის განმავლობაში არ დაეკარგა.
რაც შეეხება ახალი Taycan GTS-ის შესაძლებლობებს: ავტომობილის სრული სიმძლავრე 690 ცხენის ძალას აღწევს და ის 0-დან 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 3.3 წამში ჩქარდება. გაუმჯობესებული უკანა ღერძითა და სრულად ამძრავი სისტემით, ავტომობილი მის წინამორბედ მოდელს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს კი რიხტერისთვის, საჭესთან, დამატებითი გამოწვევა გახლდათ.
ყინულზე ყველაზე ხანგრძლივი დრიფტის რეკორდისთვის, Porsche-ს გუნდმა ფინეთში, საკუთარი Arctic Center-ი აირჩია, რომელიც არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 150 კილომეტრზე მდებარეობს. Porsche-ს გამოცდილმა გუნდმა პილოტს დრიფტისთვის საჭირო ყველანაირი პირობა შეუქმნა, მათ შორის გამოკვეთა დრიფტის წრე - 59 მეტრის დიამეტრით.
როგორც გითხარით, ეს Taycan-ისთვის რიგით მეოთხე გინესის რეკორდია. 2021 წელს ლი კინმა Taycan-ი დახურულ სივრცეში, რეკორდული, 165.1 კმ/სთ-ით მართა, იმავე წელს, დენის რეტერამ 55 წთ-ის განმავლობაში დრიფტით 42 კილომეტრზე მეტი დაფარა, ხოლო 2023 წელს, ელექტრომობილისთვის უდიდესი სიმაღლის ცვლილებისთვის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
რას უნდა ველოდოთ მომავალში გერმანული ავტომწარმოებლის გამოცდილი გუნდისგან?