რატომ უნდა მართოთ ავტომობილი ზამთარში ფრთხილად?
ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით კი თოვლსა და მოყინულ გზებზე სიარული, დამატებით აღჭურვილობასთან ერთად, დიდ სიფრთხილესაც მოითხოვს. თუმცა მძღოლთა ნაწილი საკუთარ თავში „ზედმეტად დარწმუნებულია“ და Mercedes-Benz E-Class-ის ეს მძღოლიც, შესაძლოა ერთ-ერთი მათგანია.
შემთხვევა ატლანტაში, ჯორჯიას შტატში მოხდა. თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ვიმსჯელებთ, Mercedes-ის მძღოლისთვის ავტომობილის ფრთხილად მართვა პრიორიტეტი სრულადაც არ ყოფილა. შემთხვევა, რომელშიც ჩანს, თუ როგორც კვეთს E-Class-ის მძღოლი T-მონაკვეთს, არღვევს ბარიერს და ვიტრინაში ვარდება, ადგილობრივმა კამერებმა დააფიქსირა. საბედნიეროდ, ავარიის დროს, გარშემო ფეხითმოსიარულეები არ იმყოფებოდნენ.
რთული სათქმელია, თუ E-Class-ის რომელი ვერსიაა ამ ისტორიის მთავარი გმირი, რადგან კამერებში მისი კორპუსის წინა ნაწილი, სულ რამდენიმე წამის განმავლობაში თუ ჩანს. თუმცა, ის საეჭვოდ ჰგავს AMG-ის ბრენდის ვერსიას. ვიდეოდან იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ავტომობილმა შეჯახების შედეგად მაღაზიის ვიტრინა სრულად ჩაამსხვრია.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს მარტივია მძღოლის ბრალეულობის დადგენა, გამოძიებას ჯერ კონკრეტული დასკვნები არ გამოუტანია. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი სიჩქარისა და საჭეზე კონტროლის დაკარგვის ნაცვლად, მძღოლი შესაძლოა მართვისას ცუდად გახდა და გზის კვეთაზე ავტომობილის დამორჩილება ვეღარ მოახერხა.
უცნობია მძღოლის, ან Mercedes-ში მყოფი სხვა მგზავრების მდგომარეობაც. ასევე უცნობია იმყოფებოდა თუ არა ვინმე შემთხვევისას მაღაზიის შენობაში. დანარჩენს გამოძიება დაადგენს, ზარალს კი, სავარაუდოდ, სადაზღვევო აანაზღაურებს.