20 წლის Mazda MX-5 ელექტრომობილად გადააქციეს
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა პატარა კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილის ელექტროვერსია წარადგინა. ეს 20 წლის Mazda MX-5-ია, რომლის ბატარეაზე მომუშავე EV-ად გარდაქმნა საკუთარ თავზე Electrogenic-მა აიღო.
გეგმის განხორციელება ბრიტანულმა ფირმამ ისეთი ტიპის ბატარეის სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით დაიწყო, რომელიც თითქმის ყველა სახის ავტომობილისთვის მორგებადი იქნებოდა. პროექტისთვის კი, მასშტაბური ქარხნის ნაცვლად, Electrogenic-მა მცირე ზომის ავტოფარეხი აირჩია. ცნობისთვის, Electrogenic-ის წარსულში სხვა ცნობილი ავტომობილების ელექტროვერსიებზეც უმუშავია. მათ შორისაა რამდენიმე Jaguar E-type და VW Beetle. კომპანიამ, წარსულში, 1923 წლის Rolls Royce, სპეციალურად ჯეისონ მომოასთვის, ელექტრომობილადაც აქცია.
ახალ პროექტზე საუბრისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ დრამონდმა MX-5-ის შესაძლებლობები და ესთეტიკურობა შეაქო და ავტომობილის მართვას „სასიამოვნო გამოცდილება“ უწოდა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, დრამონდმა აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად გადაწყვეტილებებს ბუნების სასარგებლოდ იღებენ.
Electrogenic-ის ხელმძღვანელმა კომპანიის რამდენიმე წარმატებული პროექტიც გაიხსენა. მათ შორის Mini და ბატარეაზე მომუშავე Land Rover-ი, რომელიც მისი შეფასებითვე, ფირმის შესაძლებლობების მთავარი დასტურია. ცნობისთვის, Electrogenic-ი ბრიტანეთის ჯარისთვის ოთხ სამხედრო მანქანაზეც მუშაობს. ბრიტანული კომპანია ექვსი წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე 25 თანამშრომელსა და 100-მდე წარმატებულ პროექტს აერთიანებს. მთავარი ფოკუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოებაა, თუმცა შემდეგი ნაბიჯი აფრიკა იქნება.
ამ უკანასკნელის სამიზნე ლოკაციად არჩევას, კომპანია ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვებით ხსნის. Electrogenic-ი მოდელების ელექტროვერსიებს სწორედ ICE-ავტომობილების ბაზაზე აწყობს, ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანია იყვნენ იქ, სადაც მსგავსი ტიპის მანქანების შეძენა კვლავ შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება ელექტრო MX-5-ს: პირველადი შეფასებებით, მოდელის ეს ვერსიაც ისე შეიგრძნობა, როგორც მისი ორიგინალი ვარიანტი, თუმცა მსგავსად ნამდვილად არ ჟღერს. Electrogenic-ის ელექტრომოდელი მის ტრადიციულ ვერსიასთან შედარებით უფრო სწრაფია, თუმცა არც ისე ჩუმი. ელექტრო კონვერტაცია ავტომობილის წონას 30 კგ-ით ზრდის,რასაც სიმძლავრის 20%-იანი მატება ანაზღაურებს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ MX-5-ს მთავარი ხიბლი მართვის გამოცდილებაა, რომელსაც ის მძღოლებს სთავაზობს. ხოლო თუ კომპანიას დავუჯერებთ, ეს ემოციები ახალ ვერსიაში შენარჩუნებულია.