ჰამილტონი Ferrari-ში ტესტირების მეორე დღეს დაიმტვრა
ბრიტანელი პილოტი ლუის ჰამილტონი Ferrari-ში ტესტირების მეორე დღესვე დაიმტვრა. შემთხვევა ესპანეთში, ბარსელონა-კატალონიის წრეზე მოხდა. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ინციდენტს უვნებელი გადაურჩა, "ფორმულას" გუნდი კი, ბოლიდის შეკეთებაზე მუშაობს.
Ferrari-ში ეს ჰამილტონის რიგით მეორე სატესტო დღე იყო, რომლის დროსაც გამოცდილი პილოტი Formula 1-ის იტალიური გუნდის 2023 წლის ბოლიდის საჭეს მართავდა. ჰამილტონმა პირველი სატესტო რბოლა ერთი კვირით ადრე, იტალიაში, ფიორანოს ტრასაზე ჩაატარა. იტალიური ვებგვერდის, motorsport.com-ის ინფორმაციით, ჰამილტონი ბოლიდით ბარიერებში შევარდა და მანქანის დაკიდების სისტემა და ძარა დააზიანა.
დამატებით, კარს მიღმა, 40 წლის ჰამილტონი აწ უკვე თანაგუნდელ, ჩარლზ ლეკლერკთან ერთადაც ვარჯიშობს - რა თქმა უნდა, იმ წესებისადა მიხედვით, რომლებიც F1-ის მიერ დაშვებულია. სატესტო წრეები და დახურული ვარჯიშები ბრიტანელს ახალ გუნდთან ადაპტირებაში ეხმარება. შეგახსენებთ, რომ ჰამილტონმა ახლა უკვე მის კონკურენტ გუნდ Mercedes-ში 12 წელი გაატარა.
ცნობისთვის, ტესტირების შეზღუდვები ნიშნავს, რომ ჰამილტონიც, ყველა სხვა პილოტის მსგავსად, მხოლოდ გარბენის იმ კილომეტრაჟით შემოიფარგლება, რომელიც სეზონის დაწყებამდეა დაშვებული. რაც შეეხება ჩემპიონატს, ის 14-16 მარტს, ავსტრალიის გრან-პრით განახლდება. ჰამილტონს ამ სეზონიდან უკვე Ferrari-ის რიგებში ვიხილავთ, რომელშიც ის ჩარლზ ლეკლერკს შეუერთდება.