გადაიხდიდით 2002 წლის თითქმის ახალ Dodge Viper-ში სოლიდურ თანხას?
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში გამონაბოლქვზე დაწესებული ახალი რეგულაციების გავლენით, ავტოინდუსტრია ტრადიციულ ძრავებს ყოველწლიურად უფრო და უფრო შორდება. ბაზარზე კი, შედარებით ეკომეგობრული ვერსიები - მათ შორის ჰიბრიდები და ელექტრომობილები - ჩნდება, მაგრამ ისინი, ნამდვილ ენთუზიასტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას იშვიათად თუ ახერხებენ.
ასეთი მძღოლებისთვის მთავარი ძრავის ხმა, ავტომობილის წარმადობა და მართვის ის გამოცდილებაა, რომელსაც მანქანებიდან იღებენ. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით კი, წლებია, მათ ერთ-ერთ ფავორიტად Dodge Viper-ი რჩება.
Dodge თავისი ლეგენდარული მოდელის თავდაპირველ ვერსიებს 1991-დან 2010 წლამდე უშვებდა, შემდეგ კი SRT Viper-ი წარმოებაში დამატებით ოთხი წლით, 2013 წლიდან 2017 წლამდე დააბრუნა. ამ პერიოდში ავტომწარმოებელი Viper-ის შესაძლებლობებსაც აუმჯობესებდა, მათ შორის V10-ის მოცულობას - 8-დან 8.4 ლიტრამდე. თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ, ასეთი ავტომობილები დიდი იშვიათობაა, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ავტომოყვარულებისთვის.
ასევე დიდი იშვიათობაა, რომ მსგავსი ავტომობილი, თანაც თითქმის ახალი, ვინმემ გასაყიდად გამოიტანოს - თანაც, საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. თქვენ წინაშე 2002 წლის Viper GTS-ია, აღჭურვილი V10-ის 8.0 ლიტრიანი ვერსიით, რომელიც 450 ცხენის ძალას და 664 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ძლევამოსილ V10-ს ზურგს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უმაგრებს, რომელიც სიმძლავრეს მანქანის უკანა ბორბლებზე ანაწილებს. თუმცა, აქ კიდევ უფრო საინტერესო ერთი ფაქტია:
როგორც გითხარით, ეს 2002 წლის Viper-ი თითქმის ახალია. მანქანას დაუჯერებლად დაბალი, 841-კილომეტრიანი გარბენი აქვს და ამჟამად, Craigslist-ზე, დაახლოებით $100 000-ად იყიდება. ავტომობილი ყველა ძირითად ქარხნულ ნაწილს ინარჩუნებს და ერთ-ერთია იმ სამი ათეული მოდელიდან, რომელიც 2002 წელს, Cognac-ის ტყავის ინტერიერით შეიქმნა.
ამჟამინდელი მფლობელის განცხადებით, Viper-ი მან რამდენიმე წლის წინ, ავტომობილის თავდაპირველი მფლობელისგან, თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში შეიძინა. დღესაც, ავტომობილი ახალივით გამოიყურება და მის შესაძლებლობებსაც თუ გავითვალისწინებთ, ალბათ მფლობელსაც მარტივად იპოვის.