როდის წარადგენენ Formula 1-ის გუნდები ახალ ბოლიდებს?
Formula 1-ის 2025 წლის სეზონის დაწყების თარიღი ახლოვდება და ჩემპიონატისა და მონაწილე გუნდებისადმი ინტერესიც იზრდება. მაყურებელთა ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია მომდევნო სეზონის ცვლილებებიდან გამომდინარეც, რომელიც შეეხება ყველაფერს: გუნდების შემადგენლობიდან დაწყებული, Fia-ს ახალი რეგულაციებით დასრულებული.
ჩემპიონატის დაწყებამდე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განახლებული ბოლიდებია, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ მონაწილე გუნდების წარმატებაზე. ახლა კი, ტრადიციულად ის დროა, როდესაც გუნდები თავიანთი ახალი მანქანების პრეზენტაციებისთვის ემზადებიან. თუმცა წელს, ღონისძიებები შედარებით განსხვავებული იქნება, რადგან ის Formula 1-ის დაარსების 75 წლის იუბილეს ემთხვევა.
ისტორიაში პირველად, გახსნის ღონისძიებას ლონდონის The O2-არენა უმასპინძლებს, სადაც ათივე გუნდი, თავისი ოცი ძირითადი პილოტით და გუნდის სხვა წარმომადგენლებით წარდგება. სანახაობრივ საღამოს სხვა ცნობილი სახეები და მოწვეული ჟურნალისტებიც დაესწრებიან.
გახსნის 2-საათიანი ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება. დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. Formula-ს გუნდთა ნაწილი თავიან ახალ ბოლიდს სწორედ ლონდონის The O2-ზე წარადგენს, ნაწილმა კი, ამისათვის, ცალკე ღონისძიება დანიშნა.
პირველი გუნდი, რომელმაც ავტომობილის წარდგენის თარიღი გამოაცხადა Ferrari იყო. იტალიელების მანქანა ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი 19 თებერვალს გახდება. ახალ ბოლიდს ჩარლზ ლეკლერკი და გუნდის ახალწვეული, ლუის ჰამილტონი წარადგენენ. Williams-ის 2025 წლის სეზონის ბოლიდს კი, 14 თებერვალს, სილვერსტოუნზე გამართულ ღონისძიებაზე ვიხილავთ. ორი დღის შემდგომ, 16 თებერვალს, ბოლიდის წარდგენას გეგმავს Haas-ი, ხოლო Mercedes-ის ახალ F1-მანქანას, Mercedes-AMG F1 W16 E Performance-ს მსოფლიო 35 თებერვალს გაიცნობს.
რაც შეეხება ჩემპიონატს, ის 14-16 მარტს, ავსტრალიის გრან-პრით განახლდება. სეზონის დაწყებამდე, 26-28 თებერვალს, ბაჰრეინში, სატესტო რბოლა გაიმართება.