Tesla ელექტრომობილებს ისევ აიაფებს?
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla, მიმდინარე წელს, რამდენიმე ახალი მოდელის წარდგენას გვპირდება. გამომდინარე იქიდან, რომ Cybertruck-ს თუ არ გავიხსენებთ, დიდად Tesla თავს საწარმოო ხაზის განახლებით არ იწუხებს ხოლმე, კომპანიის გეგმები ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Tesla წელს შედარებით ხელმისაწვდომ ელექტრომობილებსაც შემოგვთავაზებს.
თუ გაყიდვებში ამერიკული კომპანიის ბოლოდროინდელ ჩავარდნას გავითვალისწინებთ, ამის შანსი საკმაოდ მაღალია. კომპანია ზედიზედ მეორე წელია მოგების შემცირებას აქვეყნებს. მოლოდინებს მისი მილიარდერი მფლობელი სწორედ 2025 წელზე ამყარებს. მოგების ზრდას ილონი ინოვაციური "საიბერქების" წარმოებას და ბაზრისთვის, შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების შეთავაზებას უკავშირებს.
სავარაუდოდ, ახალ მოდელებში არსებულ ავტომობილებსაც შევხვდებით, როგორებიცაა კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები - Model Y და Model 3. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში Tesla-მ შესაძლოა Model 2-იც დააბრუნოს, რადგან ის მის ხაზში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი EV-ი გახლდათ.
Tesla დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდება, თუმცა მეოთხე კვარტლის შემოსავლების ანგარიშიდან, შესაძლებელია იმის თქმა, რომ კომპანია ახალ მოდელებში მიმდინარე და შემდეგი თაობის პლატფორმების გამოყენებას განიხილავს.
შედარებით იაფი ელექტრომობილების ბაზარზე გაშვება 2025 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პარალელურად, ივნისში, კომპანია ავტონომიური ავტომობილების ფასიანი სერვისების დატესტვასაც დაიწყებს. Tesla-ს გუნდი იმედოვნებს, რომ ახალი გეგმებით ინვესტორთა დაინტერესებას და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას მოახერხებს.