BMW-ის დრიფტერის კარმა Porsche აღმოჩნდა
BMW-ის მძღოლებს საკუთარი მართვის უნარებით თავის მოწონება ალბათ ყველაზე მეტად უყვართ. ამჯერად, დრიფტისადმი სიყვარულის გამოვლენა ერთ-ერთმა ასეთმა თავზეხელაღებულმა მძღოლმა საბერძნეთში სცადა, თუმცა მას კარმას სახით, უმარკო Porsche მოევლინა, რომელიც რეალურად „შეფარული“ საპატრულო პოლიცია აღმოჩნდა.
აღნიშნული მანქანა, როგორც ვიდეოდან ჩანს, BMW-ის მესამე სერიის კუპე, E36-ია, აღჭურვილი M3-ის სტილის ძარის ნაკრებით და უკანა ფრთით. როდესაც მძღოლმა კუთხიდან მოსრიალებით სწორ გზაზე გასვლა დააპირა, გზაზე Porsche-ც გამოჩნდა, რომელმაც მალევე საპატრულო ციმციმებიც ჩართო.
Porsche Cayenne, მოულოდნელად, ჩრდილიდან გამოჩნდა. ჯიპი პოლიციის შეფარული ავტომობილი აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე წამში გამოჩენიდან ციმციმებიც აანთო და BMW-ის მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფად მოძრაობის მიუხედავადაც, „ხულიგანმა“ მძღოლმა გაჩერება წარმატებით მოახერხა და ამ შემთხვევას არანაირი ინციდენტი არ გამოუწვევია.
ცოტა ხნის შემდეგ, საპირისპირო მხრიდან ორი მანქანა გამოჩნდა, რომლებიც შეჯახებას რამდენიმე წამით გადაურჩნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე ბერძნულმა საავტომობილო YouTube არხმა Car Jackals-მა გამოაქვეყნა და თან, ირონიული საუნდტრეკიც დაურთო: The Fast and the Furious: Tokyo Drift by Teriyaki Boyz. კლიპმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება, სავარაუდოდ გამოხმაურებაც დიდი იყო, რადგან ვიდეოს ავტორს საბოლოოდ კომენტარები გამოურთო.
ცნობისთვის, შემთხვევა ლიმანაკია ვულიაგმენისის გზაზე მოხდა, ცნობილ სანაპირო მარშრუტზე ათენის მახლობლად, რომელიც არალეგალური ქუჩის რბოლებითაა ცნობილი. ადგილობრივ სამართალდამცველებს, რა თქმა უნდა, ამ ადგილის შესახებ ინფორმაციაც აქვთ, ასე რომ, შეფარული Porsche-ს იქ ყოფნა, მოულოდნელობა და შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.