მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა | Mercedes F1
Formula 1-ის ისტორიაში Mercedes-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი, რომელსაც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონი ხუან მანუელ ფანხიო და F1-ის ლეგენდა სტირლინგ მოსი მართავდნენ, აუქციონზე $53 მილიონად გაიყიდა. შედეგად, 1954 წლის Mercedes-Benz W 196 R Stromlinienwagen-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული მოდელი გახდა.
ბევრის მოლოდინით, Mercedes-ის ამ საკულტო მოდელს, ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილის რეკორდი უნდა მოეხსნა. თუმცა მოლოდინები არ გამართლდა და ეს ტიტული კვლავ 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR “Uhlenhaut Coupe”-მ შეინარჩუნა, რომელიც 2022 წელს $142 000 000-ად გაიყიდა.
რაც შეეხება Stromlinienwagen-ის, ის ერთ-ერთია იმ მხოლოდ ოთხი მოდელიდან, რომელიც Streamliner-ის ძარითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილით, 1955 წელს ფანხიომ ბუენოს-აირესის გრან-პრი და იმავე წელს, თავისი ხუთი ტიტულიდან მესამეც მოიპოვა. ამ ავტომობილმა თავისი სარბოლო კარიერაც გამარჯვებით დაასრულა, ამჯერად იტალიურ გრან-პრიზე, რა დროსაც ბოლიდს სერ სტირლინგ მოსი მართავდა.
მართალია, Uhlenhaut Coupe-ის შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო, W196-მა რეკორდის დამყარება მაინც მოახერხა. Stromlinienwagen-ი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული Formula 1-ის ავტომობილი გახდა - გასული რეკორდის გაორმაგებით. მისი წინამორბედი, Mercedes W196R-ი, 2013 წელს, დაახლოებით $25 მილიონად გაიყიდა.
აუქციონი შტუტგარტში, Mercedes-Benz-ის მუზეუმში გაიმართა. მყიდველმა შეთავაზება მობილური ტელეფონის საშუალებით გააკეთა და თავისი ვინაობის ანონიმურად დატოვება არჩია.
ცნობისთვის, Mercedes-Benz-მა თავდაპირველად W 196-ის ათივე გადარჩენილი ეგზემპლარი შეინახა, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა. ეს მანქანა საბოლოოდ ინდიანაპოლისში, Motor Speedway Foundation-ში აღმოჩნდა. Sotheby’s-ის თანახმად, ეს Stromlinienwagen-ი ერთადერთი ეგზემპლარი იყო, რომელიც კერძო პირის მიერ იყიდებოდა.