სამხედრო 6x6 Mercedes-ი: 12.8-ლიტრიანი ძრავით
Mercedes-ი ზოგადად, ძვირად ღირებულ და ელიტარულ ავტომობილებთან ასოცირდება. თუმცა მისი შეთავაზებები ხშირ შემთხვევაში, BMW-ის, Lexus-ისა და Audi-ის საწარმოო ხაზს სცდება. ამის ნათელი მაგალითი Daimler Truck-ის განყოფილებაა, რომელიც სპეციალურ სატვირთო ავტომობილებს აწარმოებს და ძირითადად, თავდაცვის სექტორზეა პასუხისმგებელი.
მსოფლიო ნებისმიერ ადგილზე, Mercedes-Benz Special Trucks-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი ალბათ Unimog-ია. მაგრამ Unimog-ის გარდა, Daimler Truck-ის საწარმოო ხაზში ბევრ სხვა საინტერესო მოდელსაც ვხვდებით. მათ შორისაა ეს 6x6 „ბეჰემოთი“, Mercedes-ის უახლესი ქმნილება.
მიმდინარე თვეში, აბუ-დაბიში საერთაშორისო თავდაცვის გამოფენა და კონფერენცია (IDEX) გაიმართება, რომელზეც Daimler Truck-ი თავისი უახლესი სატვირთო ავტომობილით წარდგება. ეს მოდელი ტყუპი უკანა საბურავებით აღჭურვილი Arocs 4042 AS 6x6-ია, რომელიც მძიმე გამავლობის ტრანსპორტისა და ტანკების გადასაზიდად შეიქმნა. ერთ შეხედვითაც შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ავტომობილი მასიურია: 8.2 მეტრის სიგრძე, 2.5 მეტრი სიგანე და 3.5 მეტრის სიმაღლე.
Mercedes-Benz Special Trucks-ის მტკიცებით, Arocs-ი დასაშვები მთლიანი წონა 40 ტონას უტოლდება. აქედან დაახლოებით 9 ტონა ავტომობილის წინა ღერძზე, 16-16 ტონა კი, ორ უკანა ღერძზე ნაწილდება. მთლიანი კომბინირებული წონა კი, სრულად დატვირთვის შემთხვევაში, 250 ტონას აღწევს. IDEX-ის სპეციალურ ვერსიას აქვს სახურავის ლუქი, საბურავების წნევის კონტროლის სისტემა და ე.წ. „ბლექაუტი“ შუქები, რომელიც მტრის მიერ ავტომობილის აღმოჩენის რისკებს ამცირებს.
რაც შეეხება ძრავას: ავტომობილი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 12.8 ლიტრს აღწევს. ძრავა 416 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 12-სიჩქარიან Powershift 3 ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. მხოლოდ ეს ექვსცილინდრიანი დიზელი დაახლოებით იმდენს იწონის, რამდენსაც Mazda Miata (1 015 კილოგრამი).