რეგულაციები, კლასიკური ავტომობილები, კანონები, ჯარიმა
Aa
Aa

ავტომობილების გამოფენაზე დრონის მთვრალი „მძღოლი“ დააჯარიმეს

დრონის ტექნოლოგია ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა და ის გამოიყენება ყველგან, მათ შორის საჯარო შეკრებებსა და ღონისძიებებზე. თუმცა არის ადგილები, სადაც დრონებით გადაღება ან დარეგულირებულია, ანდაც სრულად იკრძალება. მაგრამ მაინც, ალბათ იშვიათად თუ გაგვახსენდება შემთხვევა - ან საერთოდ არც გვახსენდება - რომ ვინმე, არაფხიზელ მდგომარეობაში დრონის „მართვისთვის“ დაეჯარიმებინათ.

შემთხვევა შვედეთში, კლასიკური ავტომობილების გამოფენაზე დაფიქსირდა. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც საკუთარი დრონებით პატრულირებდნენ. ღონისძიებისთვის საჰაერო სივრცე შეზღუდული იყო, რის გამოც, მათ კერძო დრონი მარტივად შენიშნეს. დრონი პირდაპირ მოედნის თავზე დაფრინავდა. რა თქმა უნდა, კერძო დრონის ტერიტორიაზე ყოფნა კანონდარღვევად ჩაითვალა და სამართალდამცველებმა პილოტის ვინაობის დასადგენად გამოძიება დაიწყეს.

პილოტის პოვნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მას სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.69-ზე მაღალი ჰქონდა, როდესაც შვედეთის კანონმდებლობით, ლიმიტი 0.2-ითაა განსაზღვრული. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. შვედური მაუწყებლის SVT-ის ცნობით, მძღოლის ჯარიმის განსასაზღვრად, პოლიციამ სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის შემუშავებული კანონმდებლობა გამოიყენა.

„ეს თვითმფრინავია, მიუხედავად იმისა, რომ უპილოტოდ დაფრინავს, მას ადამიანი მართავს. ყოველთვის არის ჩამოვარდნის და ვინმეს დაშავების საშიშროება“, - ასე განმარტა ადგილობრივმა სასამართლომ დრონის მთვრალი პილოტისთვის დაწესებული სასჯელის ზომა.

შედეგად, არაფხიზელ მდგომარეობაში დრონის მართვისთვის ბრალდებული 32 000 კრონით დაჯარიმდა, რაც დაახლოებით $3 000-ია. რიგი გარემოებები მიუთითებს, რომ მსგავსი სასამართლო პრეცედენტი შვედეთში ამ დრომდე არ არსებობდა. დღეიდან კი, მძღოლები ავტომობილების მართვასთან ერთად, ალბათ დრონებთანაც სიფრთხილით იქნებიან.

 

მსგავსი სიახლეები