სუპერ თასისთვის შექმნილი ნაყინის Cadillac-ი
ამერიკის ნაციონალური ლიგის (NFL) საფინალო მატჩი კვირას გაიმართება. მანამდე კი, ნაყინის მწარმოებელი კომპანია Häagen-Dazs-ი სუპერ ბოულისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და 1963 წლის Cadillac Series 62 Convertible წარადგინა. თუმცა, ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ. დიახ არ მოგეჩვენათ, საქმეში ნაყინის ფირმაა ჩართული და Cadillac-იც „სანაყინე მანქანად“ არის ქცეული.
ეს უნიკალური პროექტიც West Coast Customs-ის ეკუთვნის. ერთი შეხედვით ცვლილებები მარტივად შესამჩნევია. პირველი რაც თვალში მოგხვდებათ Häagen-Dazs-ის ბრენდის ფერებით შთაგონებული ორფეროვანი საღებავია. თუმცა სამუშაოები ამით არ სრულდება. Cadillac-ის საბურავებზე, საბარგულსა და წინა მაშუქებზე თქვენ ბრენდირებულ სიმბოლოებსაც დაინახავდით.
უნდა ვახსენოთ საბარგულიც, რომელსაც სარკისებრი შიდა სახურავი, ნაყინის საყინულე და დინამიკები აქვს. ექსტერიერის ორფეროვანი დიზაინი ავტომობილის ინტერიერშიც ინაცვლებს: სავარძლები კრემისფერი, ხოლო ინსტრუმენტთა დაფა შინდისფერი ტყავითაა დაფარული. ინტერიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი სიჩქარეების გადამრთველია, რომლის ტრადიციული ვიზუალიც სრულად შეცვლილია და ის კონუსის ნაყინის ფორმითაა წარმოდგენილი.
West Coast Customs-ის აღმასრულებელი დირექტორის, რაიან ფრიდლინგჰაუსის თქმით, 1963 წლის Cadillac-ზე მათი გუნდი Häagen-Dazs-თან მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობდა. მათი მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომელიც „არც ისე სწრაფი და არც ისე მრისხანე“ იქნებოდა. Not So Fast, Not So Furious - როგორც თავად ამბობენ.
ამჟამად, ავტომობილი ლოს-ანჯელესიდან ნიუ ორლეანის მიმართულებით გადაადგილდება. Cadillac-ი დიდფანჯრიან საბაჟო ტრაილერშია მოთავსებული, რაც დაინტერესებულ პირებს, მისი ხილვის საშუალებას აძლევს.