მაღალი სიჩქარე, სიჩქარის გადაჭარბება, მიცუბიში, მიცუბიში ევო, მიცუბიში ევოლუშენი
Aa
Aa

21 წლის პირი დედამისის Mitsubishi EVO IX-ის მართვისას გამოიჭირეს

რთულია ცდუნებას გაუძლო, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ავტომობილები გიყვარს და ამ დროს, ავტოფარეხში Mitsubishi Lancer Evolution IX გიყენია. ამის გამო, ალბათ ბევრი არც გაამტყუნებს 21 წლის ავტომოყვარულს, რომელმაც ერთ დღეს დედამისის Mitsubishi-ის ტრასებზე გამოცდა გადაწყვიტა. მაგრამ, ცოტათი „ზედმეტიც მოუვიდა“ და საბოლოოდ, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის ბრალდებით თავი სამართალდამცველებთან ამოყო.

შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. 21 წლის პირი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის დედამისის ავტომობილს 178 კმ/სთ-ით მართავდა ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 110 კმ/სთ-ით გადაადგილებაა დაშვებული. მსგავსი სიჩქარით მანქანის მართვა ავსტრალიაში საკმარისია იმისთვის, რომ პირდაპირ სასამართლოში აღმოჩნდეთ.

მხიარულება მოულოდნელად შეჩერდა, როდესაც კემპბელთაუნის გზატკეცილთან საპატრულო პოლიციის სირენების ხმა გაისმა. დაკითხვისას, ახალგაზრდამ მხოლოდ ის თქვა, რომ თავის გასამართლებელი არაფერი ჰქონდა, მანქანა კი სამართალდამცველებმა გადაამოწმეს და ის დედამისის სახელზე აღმოჩნდა რეგისტრირებული. ახალბედა მძღოლს მართვის უფლება ადგილზევე შეუჩერეს, თუმცა დაკავებას და ავტომობილის ჩამორთმევას გადაურჩა. სასამართლოში წარდგენა კი, ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის ბრალდებით, მომავალ თვეში მაინც მოუწევს.

როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ავტომობილი 178 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა და წამში 50 მეტრს ფარავდა: „ან სიჩქარით ავარიის ალბათობა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით დასრულდეს, საკმაოდ მაღალია. გთხოვთ, თქვენი და სხვების უსაფრთხოებისთვის, ნელა იარეთ“.

ცნობისთვის, Evo-ს მეცხრე თაობის დებიუტი 2005 წელს შედგა. მანქანა 2-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი და 287 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი უდავოდ სწრაფია, თუმცა მთელი მისი ხიბლი მართვის გამოცდილებაა, რომელსაც დახვეწილი შასი და სრულამძრავიანი სისტემა უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები