ჰონდა, ნისანი, რენო, მიცუბიში
Aa
Aa

Nissan-ი ახალ პარტნიორს ეძებს | Honda-სთან შეთანხმება არ შედგა?

Nissan-Honda-ს შერწყმის საგა ახალი ეპიზოდით გრძელდება და ბევრად უფრო საინტერესო ელფერსაც იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, არაერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებლის შექმნის გეგმა ჩავარდა. Reuters-ის ინფორმაციით, მ Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Honda-ში მის კოლეგას უკვე აცნობა, რომ მოლაპარაკებები შეწყდება.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. Bloomberg-ის ცნობებით, Nissan-ი მიზნისკენ სწრაფვას განაგრძობს და ამისთვის ახალ პარტნიორს უკვე ეძებს. გამოცემის მტკიცებითვე, ამჟამად Nissan-ის პრიორიტეტი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან გაერთიანება იქნება. ამ საკითხზე კომენტარისგან იაპონური ავტომწარმოებლის წარმომადგენლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ. მათი თქმით, საქმესთან დაკავშირებით, სხვა დეტალები თვის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი.


უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Nissan-ში Renault-ის წილის შეძენით ტაივანის ტექნოლოგიური გიგანტი Foxconn-ი დაინტერესდა. თუმცა, დისკუსიები შეჩერდა, როდესაც აშკარა გახდა, რომ Nissan-ს Honda-სთან მოლაპარაკება ურჩევნია. ცნობისთვის, Renault Nissan-ის უმსხვილესი აქციონერია, რომელიც 36%-იან წილს ფლობს.

რამდენიმე კვირის წინ, აქტიურად იწერებოდა, რომ Honda-მ, თავის მომავალ პარტნიორს, ანუ Nissan-ს Renault-ის წილის გამოსყიდვის თხოვნით მიმართა. მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივად შესასრულებელი სათხოვარია, რადგან აქციების ღირებულება $3.6 მილიარდს აღწევს. ამის შემდეგ კი, ხმები გავრცელდა, რომ იაპონური შეთანხმების მესამე პირმა - Mitsubishi-მ გაერთიანების გეგმაზე უარი თავადვე განაცხადა.

შედეგად დიდია შანსი, რომ მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებლის შექმნის გეგმა, რომელშიც სამი იაპონური გიგანტი იყო ჩართული, საბოლოოდ დაიშალა. ამ შემთხვევაში საინტერესოა რა ბედი ეწევა Nissan-ს, რომელსაც გასულ წელს, მხოლოდ 12-14 თვის „სიცოცხლეღა“ თუ უწინასწარმეტყველეს. კომპანია განცხადებას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, შემოსავლების გამოქვეყნებამდე გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები