Porsche შიგა წვის ძრავებზე მომუშავე მანქანების წარმოებას ზრდის
სპორტული ავტომობილების გერმანული მწარმოებელი Porsche თავისი პროდუქციის პორტფოლიოს გადახედვას გეგმავს. კომპანიის მიზანი საწარმოო ხაზში შიგა წვის და Plug-in ჰიბრიდების დამატებაა. ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად მიმდინარე წლის მარჟა მის გრძელვადიან მიზანს, 20%-ს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ხოლო ავტომობილების შემდგომი განვითარება და „ბატარეებზე“ გადართვა Porsche-ს 800 მილიონი ევროს ხარჯებს დაამატებს.
შიგა წვის ძრავების მქონე მოდელებზე დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება კომპანიამ გასული წლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. გასულ წელს, მომხმარებლებისთვის Porsche-ს მოდელების მიწოდება 3%-ით შემცირდა. კლების ძირითადი მიზეზი ჩინეთია, სადაც გაყიდვები 28%-ით დავარდა. ჩინელი მომხმარებლების ნდობა ელექტრო Taycan-ის მიმართ საკმაოდ დაბალია.
Porsche ერთ-ერთი უკანასკნელია ავტომწარმოებელთა შორის, რომლებიც ევროპაში შიგა წვის ძრავებს დაუბრუნდნენ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენცია და ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნაა. ნოემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ შეიმუშავებს წვის ძრავის ახალ მოდელებს, რომლებიც მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ.
მიმდინარე თვის დასაწყისში, Porsche-მ მისი ფინანსური დირექტორ ლუც მეშკესა და გაყიდვების ხელმძღვანელიდეტლევ ფონ პლატენის ნაადრევად გათავისუფლება დააანონსა. მიზეზი კომპანიის ცუდი მუშაობა და აქციებზე დაბალი ფასებია.
Porsche-ს ახალი ინვესტიციები მოიცავს Cayenne და Macan SUV-ების და Panamera სედანების წვის ძრავის ვერსიების განახლებას. თავდაპირველი გეგმით, მათი მხოლოდ ელექტროვერსიები უნდა გამოსულიყო. ელექტრო SUV-ი, სახელწოდებით K1, სავარაუდოდ ასევე მიიღებს შიგა წვის ძრავების ვერსიას.
ოქტომბერში Porsche-მ განაცხადა, რომ ჩინეთიდან მზარდი კონკურენციისა და შესუსტებული ეკონომიკის ფონზე, ხარჯები შემცირებას გეგმავდა. ფაქტია, კომპანიაში პრობლემებია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2023 წლის მაისის €109.5 მილიარდიდან თითქმის განახევრდა.