ელექტრო სატვირთოების მწარმოებელი Nikola გაკოტრდა?
ჰიბრიდული და ელექტრო სატვირთოების მწარმოებელი კომპანია Nikola გაკოტრების გამოცხადებას განიხილავს. კომპანიასთან დაახლოებული პირების ცნობით, კომპანია იურიდიულ ფირმასა და ფინანსურ მრჩევლებთან პოტენციური განაცხადის მოსამზადებლად უკვე მუშაობს.
თუმცა ამერიკული მწარმოებელი სასამართლოში განაცხადის Chapter 11-ის ფორმით შეტანას განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მის ფინანსურ მდგომარეობას აღიარებს, მაგრამ მოვლენების გამოსწორების იმედით, მუშაობას განაგრძობს. წყაროთა ცნობით, Nikola-ს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ჯერ კვლავ მოლაპარაკებების ეტაპზეა. სატვირთოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ფირმა „ყველა ვარიანტს აფასებს“, მათ შორის დაფინანსების მიღებას, როგორც ფინანსური რესტრუქტურიზაციის ნაწილი.
ბოლო მონაცემებით, კომპანიის აქციების ღირებულება 41%-ით დავარდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, Nikola-მ ბოლოს განცხადება იანვრის ბოლოს გააკეთა. ჰიბრიდული და ელექტრონული სატვირთოების მწარმოებელი კომპანიის თქმით, მათი გუნდი „დაუღალავად“ მუშაობს კაპიტალის მოზიდვაზე, რათა თავიდან აიცილოს კომპანიის შესაძლო გაყიდვა.
კომპანია თავდაპირველად ინვესტორების ფავორიტი გახლდათ, თუმცა შემდგომ მის მიმართ ნდობა დაიკარგა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში Nikola-მ რამდენიმე აღმასრულებელი დირექტორი გამოიცვალა, მოგვიანებით კი, ინვესტორების მოტყუებაშიც დაადანაშაულეს. კომპანიას თავისი ტექნოლოგიური პროგრესის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებას ედავებოდნენ.
გარდა ამისა, Nikola-ს ფინანსური პრობლემები გარკვეულწილად ელექტრო სატვირთო მანქანებში აღმოჩენილი დეფექტების დამსახურებაცაა, რომლის მიზეზით, 2023 წელს მანქანების ნაწილი უკან გაიწვიეს. ამას ემატება სუსტი გაყიდვებით, მათ შორის ის, რომ 2024 წლის პირველ ცხრა თვეში კომპანიამ წყალბადზე მომუშავე ელექტრო სატვირთოების მხოლოდ 200 ერთეული გაყიდა. შედეგად, ფირმას ვალდებულებების დასაფარად საკმარისი ნაღდი ფულიც აღარ გააჩნდა.
იმ დროს, აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ გირსკიმ ინვესტორებთან საუბრისას თქვა, რომ Nikola, აქტიურად თანამშრომლობდა პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც მისი თქმით, აფასებენ იმას, რასაც Nikola აკეთებს.