Mercedes Benz C 112 - წარმატებული კოლაბორაციის შედეგი
90-იანების დასაწყისში C Group-ის რბოლებში „მერსედესის“ და შვეიცარული „ზაუბერის“ თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. 1990 წელს გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაც ისეთი „სუპერქარის“ შექმნის საფუძველი გახდა, როგორიც Mercedes C 112 იყო. კომპანიის ინჟინრებისთვის მთავარი დავალება იყო ის, რომ სარბოლო გამოცდილება გამოეყენებინათ ისეთ ავტომობილში, რომლითაც ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ეს ყველაფერი კი უსაფრთხოების ყველა სტანდარტში უნდა მოქცეულიყო.
ავტომოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ 90-იანებში სპორტული მანქანების აეროდინამიკას ძალიან დიდი ყურადღება ენიჭებოდა. შესაბამისად ინჟინრებმა უამრავი ტესტი გაიარეს იმისათვის, რომ Mercedes C 112-ს ჰაერთან რაც შეიძლება ნაკლები წინაღობა ჰქონოდა. შედეგი იდეალური გამოვიდა: იმ დროისთვის C 112-ს ჰაერთან წინაღობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტი გააჩნდა.
აღნიშნული ავტომობილის ძრავა 12-ცილინდრიანი იყო, რომლის მოცულობაც 6 ლიტრს შეადგენდა. მისი მაქსიმალური ცხენის ძალა 408 იყო, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 580 ნიუტონი. C 112 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. 0-დან 100-მდე 4.9 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ს შეადგენდა. ალბათ შეამჩნევდით, რომ 100-მდე აჩქარება იმდენად შთამბეჭდავი არ იყო, როგორც მისი მაქსიმალური სიჩქარე. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა და ეს მისი წონა იყო - ავტომობილი 1570 კილოგრამს იწონიდა.
C 112-ის ვიზუალურად უამრავი აქტიური და პასიური სპოილერი ჰქონდა. მაგალითისთვის წინა ბამპერის ქვედა ნაწილში მოძრავი სპოილერი იყო განთავსებული, რომელიც სიჩქარის მატებასთან ერთად ავტომობილის მდგრადობას უზრუნველყოფდა. აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ ამ მანქანის უკანა ტრანსფორმირებადი სპოილერი, რომელსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა. უკანა ხედვის სარკეებიც ისეთი კუთხით იყო დამონტაჟებული, რომ ჰაერთან ნაკლებად ყოფილიყო წინააღმდეგობაში. შუაძრავიანი ავტომობილისთვის გაგრილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად Mercedes C 112-ს ძარაზე უამრავი ღიობი ჰქონდა: ზოგი მათგანი ძრავის გაგრილებაზე იყო პასუხისმგებელი და ზოგიც სამუხრუჭე სისტემაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ლეგენდარული 300 SL-ის შემდეგ ე.წ. Gullwing-ის კარებს Mercedes SLS-ზე ვიხილავდით, მანამდე ამ ტრადიციის გამგრძელებელი C 112 იყო.
ავტომობილსი წარდგინებიდან კომპანიამ მალევე 700 ერთეულზე შეკვეთები მიიღო. აღნიშნული მოდელი სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: წარმოება ძალიან ძვირი ჯდებოდა და კომპანია თვლიდა, რომ 90-იანების დასაწყისში მას „სუპერქარი“ არ სჭირდებოდა, შესაბამისად ისინი სხვა მოდელებზე იყვნენ ფოკუსირებულები.