2024 წელს საქართველოში რუსეთიდან საწვავის იმპორტი შემცირდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა.
GCCA-ს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, საქართველოში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 668 280 ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა - 8.2%-ით მეტი, 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 541 612 ლიტრი).
2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი, 54%, რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა, შემდეგ მოდის ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%. სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით, რუსეთიდან საწვავის იმპორტი შემცირებულია და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
საცალო ფასების შემთხვევაში, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც.
რაც შეეხება ივლისი-სექტემბრის პერიოდს, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასები 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდშიც შემცირდა, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია დაგვიანებულ ასახვად იქნას განხილული.
წყარო - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.