ნასქარი, ეურონასქარი, დავით ქაჯაია, სანდრო თავართქილაძე
Aa
Aa

ქაჯაიამ და თავართქილაძემ ისტორია დაწერეს | EuroNASCAR-ზე საქართველოს პირველი წარმომადგენლები

EuroNASCAR-ის რეკრუტირების ტესტში, რომელიც იტალიაში, კრემონას ტრასაზე გაიმართა, მონაწილეობა 13-მა მრბოლელმა მიიღო. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე. შედეგად, ისინი პირველი ქართველი პილოტები გახდნენ, რომლებმაც EuroNASCAR-ზე Stock car-ები გამოცადეს.

„ქაჯაიამ და თავართქილაძემ ისტორია დაწერეს“, - ამ სათაურით აქვეყნებს World of EuroNASCAR-ი ქართველი მრბოლელების შესახებ სტატიას. EuroNASCAR-ის ტესტებზე ქართველმა მრბოლელებმა პირველი და მეორე დრო აჩვენეს. ქაჯაია, TCR-ის საერთაშორისო ჩემპიონატების რეგულარული მონაწილეა. პილოტმა ბოლოს TCR Eastern Europe-ზე იასპარეზა, სადაც საბოლოო შედეგებით მე-9 პოზიცია დაიკავა. გარდა ამისა, ქაჯაიამ საქართველო FIA Motorsport Games-ზეც წარადგინა, სადაც GT Sprint-ის ღონისძიებაზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.

EuroNASCAR-ის რეკრუტირების ტექსტში მონაწილეობა 41 წლის პილოტს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ შესთავაზა. ქაჯაიას განცხადებით NASCAR-ი მისთვის პირველი მსგავსი გამოცდილება იყო, თუმცა როგორც ენთუზიასტი, ახალი შესაძლებლობებით მუდმივად დაინტერესებულია.

„უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ჩემთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილება ჩემს სარბოლო კარიერაში. გამომიცდია ტურინგისა და GT-ის მანქანები, თუმცა NASCAR-ის მანქანის მართვა, სრულად განსხვავებული შეგრძნება იყო“, - განაცხადა ქაჯაიამ.

თავართქილაძე ქაჯაიაზე ბევრად ახალგაზრდაა, თუმცა როგორც World of EuroNASCAR-ი წერს, ისეთივე ნიჭიერია. 25 წლის პილოტს, საქართველოს ჩემპიონატებში ჯამში 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული - მათ შორის ხუთჯერ საქართველოს აღმართის დაძლევის ჩემპიონატი.


2019 წელს, თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღო Asian Formula Renault Series-ში, სადაც საბოლოო შედეგებით მესამე ადგილი დაიკავა, ასევე მონაწილეობდა 2024 წლის FIA Motorsport Games-შიც. ქაჯაიას მსგავსად, EuroNASCAR-ზე მონაწილეობა მასაც საქართველოს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ შესთავაზა.

თავართქილაძის განცხადებით, საკვალიფიკაციო ტესტირებების შესახებ მას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა აცნობა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში, 2024 წლის საუკეთესო პილოტად დასახელდა.

„ვფიქრობ, რომ NASCAR-ის სერიებში ნიჭი მნიშვნელოვანია და თუ კარგ შედეგებს აჩვენებ, შეგიძლია ავტოსპორტში შენი გზა იპოვო“, - განაცხადა თავართქილაძემ. 

როგორც World of EuroNASCAR-ი წერს, ქართველმა პილოტებმა რეკრუტირების ტესტი „ყოველგვარი დრამის“ გარეშე დაასრულეს. ქაჯაიას შეფასებით, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, თავართქილაძის თქმით კი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სესიების შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ გამოცდილება, რომელიც EuroNASCAR-ის მანქანამ მათ მისცა, სხვა არცერთ გამოცდილებას არ ჰგავს. 


EuroNASCAR-ზე მონაწილეობამ, რა თქმა უნდა, ქაჯაიასა და თავართქილაძეზე თავისი კვალი დატოვა. ორივე მრბოლელმა მანქანების ტესტირების ხელახალი გამოცდის სურვილი გამოთქვა, თავართქილაძის განცხადებით კი, ამჟამად ზოგიერთ გუნდთან 2025 წლის სეზონისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„აღფრთოვანებული ვარ წელს EuroNASCAR-ის ჩემპიონატში რბოლის პერსპექტივით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატის მოგება პირველივე სეზონიდან შესაძლებელია, თუმცა ეს ადვილი არ იქნება“, - აღნიშნა თავართქილაძემ და დაამატა, რომ მოუთმენლად ელის NASCAR-ის პილოტებთან დაპირისპირებას, რათა აჩვენოს მათ თუ რა შეუძლიათ ქართველ მრბოლელებს.

მსგავსი სიახლეები