Honda-სა და Nissan-ს შორის შეთანხმება ოფიციალურად ჩაიშალა
იაპონურმა ავტომწარმოებლებმა Honda-მ და Nissan-მ 2024 წლის 23 დეკემბერს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც მსოფლიოში სიდიდით მესამე, უმსხვილესი ავტომწარმოებლის შექმნა გახლდათ. თუმცა შეთანხმებიდან ორი თვეც არ გასულა და პარტნიორობა უკვე ჩაიშალა.
თავდაპირველად, გამოცემები ავტომწარმოებელთა შეთანხმებიდან Mitsubishi-ის შესაძლო გასვლაზე წერდნენ. გავრცელებული ხმებით, თავდაპირველად იაპონურმა ფირმამ თავის ადგილობრივ კონკურენტებთან ერთად ჰოლდინგური კომპანიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მალევე უკან დაიხია და მოგზაურობაც მარტო გააგრძელა.
შემდგომ კი გავრცელდა ხმები, რომ Nissan-ი შეთანხმებისთვის ახალ პარტნიორს ეძებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამჟამად Nissan-ის პრიორიტეტი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან გაერთიანება იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ, აქტიურად იწერებოდა, რომ Honda-მ, თავის მომავალ პარტნიორს, ანუ Nissan-ს Renault-ის წილის გამოსყიდვის თხოვნით მიმართა.
რაც შეეხება თავდაპირველ გეგმას, Honda-სა და Nissan-ს ერთობლივი ძალებით ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნა სურდათ, რომელიც ოპერირებას 2026 წელს დაიწყებდა. თუმცა, მემორანდუმის ხელმოწერიდან მალევე, საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება განწირული იყო. ახლა უკვე ოფიციალურად - პარტნიორობა გაუქმდა.
Honda-მ და Nissan-მა გაავრცელეს იდენტური პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შერწყმის მოლაპარაკებები გაუქმდა: „სამივე კომპანია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ითანამშრომლებს, რომელიც მიზნად ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრიფიცირებული მანქანების განვითარებას ისახავს“, - ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.